მარიამ ქვრივიშვილი – „ტრამპთაუერ თბილისის“ მსგავსი პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება, აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ

21:35, 15.09.2026

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება, აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი უკვე დღეიდან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ახალ სიმაღლეზე აიყვანს ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს შორის თანამშრომლობას. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპის ორგანიზაციას და პროექტის პარტნიორებს.

„მსურს, მადლობა გადავუხადო პროექტის პარტნიორებს: ტრამპის ორგანიზაციას, „არქი“ ჯგუფს, „ინვიას“ და „საფირ ორგანიზაციას“ საქართველოსადმი გამოცხადებული ნდობისა და ასეთი მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პროექტი საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორებს საქართველოსადმი გამოჩენილი ნდობისა და მასშტაბური საინვესტიციო გადაწყვეტილებისთვის.

„თბილისში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც საინვესტიციო მოცულობით, კონცეფციითა და მასში ჩართული საერთაშორისო პარტნიორების შემადგენლობით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ მისი მასშტაბითა და განვითარების არეალით არ შემოიფარგლება.

„პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტური და ნდობის გამოხატულება მისი ეკონომიკის, სტაბილურობის, განვითარების დინამიკისა და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ. ნდობის საფუძველს  ქმნის სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, რომლის ჩამოყალიბებასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ძალისხმევა ემსახურებოდა“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15%-ზე მეტი მოდის.

„2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ, წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მოცულობა გაორმაგდა და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს – 38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასევე რეკორდულ, 10 300 დოლარამდე გაიზარდა. 2021 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ თითქმის 10 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოსთვის ასევე ისტორიული მაჩვენებელია. საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებს. ამ ორ მიმართულებაზე ქვეყნის ეკონომიკის 15 პროცენტზე მეტი მოდის და ეს ტენდენცია მზარდია“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, Trump Tower Tbilisi-ის პროექტი სწორედ ამ ზრდის ახალი ეტაპია.

მსგავსი