მარიამ ქვრივიშვილი – თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიარეისი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მეტად დააახლოებს საქართველოსა და ჩინეთს, ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს, კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც შანხაიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.
„საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ძალიან ბევრი წლის საერთო შრომამ, ასე ვიტყოდი, ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ერთმანეთთან საქართველოსა და ჩინეთს. ეს არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც ამყარებს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას. ეს არის ნამდვილად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა: როგორ ითარგმნება სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკურ აქტივობაში, როგორ ითარგმნება ტურიზმში, როგორ ითარგმნება პირდაპირ ფრენებში და ეს ყველაფერი როგორ აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შანხაიდან რეისი თითქმის სრულად დატვირთული ჩამოვიდა.
„ყველაზე შორი მანძილის ფრენა, ასეც შეიძლება ითქვას. ეს არის, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი, მაგრამ მეორე მხრივ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ რეისი ჩამოვიდა ფაქტობრივად სავსე, 98-პროცენტიანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წარმატებაა ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მისი მმართველი გუნდის, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის დიდი წარმატება“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული დიდი ალბათობით და მეტწილად შედეგია წარმატებული მარკეტინგული კამპანიების, რასაც ხელისუფლება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში ახორციელებს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაწყებული კვირაში სამი სიხშირე ძალიან მალე გახდება ყოველდღიური და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიურიც ძალიან მალე გახდება დღეში ორი და სამი სიხშირის. ჩვენ განვაგრძობთ, ვიყოთ სანდო პარტნიორები. ჩვენ განვაგრძობთ, ვიყოთ ქვეყანა, სადაც მუდმივად გაიზრდება ეკონომიკა, სადაც მუდმივად გაიზრდება ტურისტული ინდუსტრია და ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ფრენა შესრულდება და მეტი ტურისტი ჩამოვა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, პირდაპირი ფრენა ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას.
„ჩვენ ასევე იმედს გამოვთქვამთ და დარწმუნებული ვართ, რომ პირდაპირი ფრენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია. საქართველოს ბევრ მოქალაქეს დღეიდან უკვე ექნება შესაძლებლობა, იმგზავროს თქვენს ულამაზეს ქვეყანაში, რომელსაც აქვს უდიდესი კულტურა და ისტორია. და ამდენად, მადლობას მოგახსენებთ თითოეულ თქვენგანს. მე მინდა, განსაკუთრებულად მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რომელსაც მისი ჩვენს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაში და მათ შორის, დღევანდელი დღეც სიმბოლურია, რადგან თქვენი ძალისხმევით, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ დღეს ასეთ მნიშვნელოვან დღეს ერთად ვზეიმობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airline-თან ვწერთ ახალ ისტორიას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს, კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.