მარიამ ქვრივიშვილი - „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ტურიზმის სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, პროექტს ვუყურებთ, როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრს და ახალ ტურისტულ მიმართულებას
მარიამ ქვრივიშვილი - „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ტურიზმის სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, პროექტს ვუყურებთ, როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრს და ახალ ტურისტულ მიმართულებას

რეგიონში პირველი აუთლეტი „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.

მარიამ ქვრივიშვილმა დამფუძნებლებს და თანამშრომლებს მიულოცა საქმიანობის დაწყება და აღნიშნა, რომ „აუთლეტ სოფელი“ მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის, რომლის ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ ლარს აჭარბებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმდება ჩვენი ქვეყნის 250-მდე მოქალაქე. ახალი პროექტები ემსახურება ეკონომიკის და უშუალოდ სექტორების მდგრად განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში გვაქვს ძალიან დადებითი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია თითოეული სექტორის მდგრადი, დინამიური, ასევე დივერსიფიცირებული გზით განვითარება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ქვრივიშვილის განცხადებით, „აუთლეტ სოფლის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება, მეტ საერთაშორისო ბრენდს მოიზიდავს საქართველოში.

მისივე თქმით, დეკემბრის ბოლოს „აუთლეტ ვილიჯში“ 50-მდე ბრენდი იქნება წარმოდგენილი.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი ქვეყანაში არა მარტო ე.წ. რითეილ სექტორის განვითარებას, არამედ ტურიზმის სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.

„პროექტს ვუყურებთ, როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრს და ახალ ტურისტულ მიმართულებას. დარწმუნებული ვართ, „აუთლეტ სოფელს“ ეყოლება ძალიან ბევრი მომხმარებელი – არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ საქართველოში ჩამოსული ტურისტები, სტუმრები ფართო რეგიონიდან, ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ, „აუთლეტ სოფლები“ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. დარწმუნებული ვართ, რომ პროექტი უდიდეს წვლილს შეიტანს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში. ქვეყნის პოლიტიკა სრულად ეფუძნება ტურიზმიდან მიღებული დანახარჯების ზრდას და, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები უზრუნველყოფს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის მიღებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ „აუთლეტ სოფელი“ უპრეცედენტოა რეგიონის მასშტაბით. მინისტრის თქმით, ობიექტისთვის სწორი ლოკაციაა შერჩეული, ის თბილისთან და ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ქვრივიშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს წარმატებით საქმიანობას.

„ვაზიანის აეროპორტი რამდენიმე წელში შეემატება დედაქალაქს და, დარწმუნებული ვარ, პროექტის კონცეფცია, მისი ადგილმდებარეობა და მასშტაბური განვითარების გეგმა უზრუნველყოფს, რომ „აუთლეტ სოფელი“ იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მეტ წვლილს შეიტანს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.