მარიამ ქვრივიშვილი - სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ
მარიამ ქვრივიშვილი - სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ

სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ და საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა, მათ საკარანტინო სივრცეებში გადასაყვანად ადგილზე მობილიზებულია ტრანსპორტი.

„საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში. ფაქტობრივად, პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული ყველა დამსვენებელთან. სვანეთიდან 900-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი და ისინი საკარანტინო სივრცეებში დავაბინავეთ. თავის მხრივ, საკარანტინო სივრცეები მოეწყო სვანეთშიც, ადგილზე შევაფასეთ არსებული განთავსების ინფრასტრუქტურა. შევეცადეთ, რომ ეს დამსვენებლებისთვის კომფორტული პროცესი ყოფილიყო და სასტუმროები, რომლებიც აკმაყოფილებდა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის კრიტერიუმებს, გარდაიქმნა საკარანტინო სივრცეებად.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა, საკარანტინო სივრცეებში გადასაყვანად ადგილზე მობილიზებული გვყავს ტრანსპორტი. ხოლო ის ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი ავტომანქანა და საკარანტინო სივრცემდე სჭრიდებათ ორგანიზებულად გადაადგილება, ზედამხედველობის პრინციპით, ორგანიზებულად გადაგვყავს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მან სვანეთში მყოფ ყველა ადამიანს ცხელი ხაზით სარგებლობისკენ მოუწოდა.

„ყველა ადამიანს, რომელიც სვანეთში იმყოფება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ისარგებლონ ცხელი ხაზით – 144, დარეკონ, აღირიცხონ და ჩვენგან შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ. ყველას ვეხმაინებით. დღეის მონაცემებით, თითოეული ადამიანი, რომელმაც დარეკა და განაცხადა, რომ ის იმყოფება სვანეთში, ყველასთან შედგა კომუნიკაცია და დღის ბოლომდე ყველა იქნება გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში. პროცესი საკმაოდ რთულად სამართავია, თუმცა წარმატებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

დატოვე კომენტარი