მარიამ ქვრივიშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ენერგეტიკული კავშირი ექნება ევროკავშირთან, ასევე ამან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინვესტორებში
მარიამ ქვრივიშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ენერგეტიკული კავშირი ექნება ევროკავშირთან, ასევე ამან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინვესტორებში

ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს თითოეულ იმ კომპანიას და კომპანიის ისტორიას, მათ შორის, პროექტის შინაარსს, რომელზეც გავრცელდა პატიება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ქვრივიშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია.

„აქვე უნდა ითქვას, რომ პატიება ეხება თითოეულ კომპანიას, გამონაკლისის გარეშე და ზუსტად აქ არის მთავარი, ასე ვთქვათ, გამჭვირვალობის ფაქტორი, რომ აქ არ ხდება შერჩევითი პრინციპით პატიება ან არპატიება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყველა კომპანიას მოუწევს რიგითობით, თანმიმდევრობით თავისი იურიდიული ფორმების დაცვით მოწესრიგება; რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოხდება მთავრობის დადგენილებით, რომლებიც არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაციები თავად კერძო სექტორმა და არსებულმა ქართველმა მცირე საშუალო მეწარმეებმა თავად დაასრულეს, რადგან თავიანთივე უკუკავშირისას აფასებდნენ, რომ ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ ენერგეტიკის სექტორს მიეცეს განვითარების რეალური შესაძლებლობა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას ეფუძნება განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო უკვე რამდენიმე წელიწადში ენერგოიმპორტზე აღარ იქნება დამოკიდებული, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კომპონენტისგან შემდგარი ამოცანა, სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა ინვესტორებს ჰქონოდათ სამართლიანი პირობები პროექტების განვითარებისთვის, რათა, კიდევ ერთხელ, დაჩქარებულიყო მიმდინარე პროექტების დადგმული სიმძლავრეები, რომლებიც შეფერხებული იყო და ამასთან, ჩვენ ქვეყანაში აუცილებლად უნდა აშენდეს ისეთი მსხვილი ჰესები, მათ შორის, როგორებიცაა, ხუდონი, ნამახვანი.

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია და გამჭვირვალობა.

„მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებას მუდმივად ვესაუბროთ ენერგეტიკის სექტორის ღირებულებაზე, რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის, ჩვენთვის და  ჩვენი მომავლისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, გამჭვირვალობა, ამ პროექტების სწორი მართვა და სწორი პარტნიორობის შერჩევა, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი მსხვილი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ისტორიული.

„ეს არის ქართული პროექტი და სწორედ ეს პროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს პირდაპირი ენერგეტიკული კავშირი ექნება ევროკავშირთან. პროექტი რამდენიმე კუთხით არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კავშირი საქართველოსა და ევროპას შორის, მეორე მხრივ, ეს არის საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის უდიდესი საექსპორტო შესაძლებლობა. ჩვენ ვსაუბრობთ, დაახლოებით, 1 900 მგვტ-იან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომლის საშუალებითაც მოხდება ელექტროენერგიის ექსპორტი ევროკავშირში და, მესამე მხრივ, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აღნიშნული პროექტის გაცოცხლება ხდება, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, მათ შორის, საერთაშორისო და შიდა ინვესტორებში. ისინი ხედავენ, რომ გარდა იმისა, რომ საქართველოს, ერთი მხრივ, შიდა მოხმარებისთვის სჭირდება გენერაცია, ამავდროულად, უკვე გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვნად ხელშესახები ბერკეტი, რითიც მათ შეუძლიათ, ასევე საექსპორტო პოტენციალით ჩახედონ საქართველოში მათ მიერ გენერირებულ ელექტროენერგიას. გარდა ამისა, საქართველო თანამონაწილეა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური ენერგეტიკული ინიციატივის, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, გამოყოფდი ამ ნაწილში აზერბაიჯანს. არსებობს საკმაოდ საინტერესო იდეა, ე.წ. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი, რომლის ნაწილიც გახლავთ აზერბაიჯანი-საქართველო, ისევე როგორც რუმინეთი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ, ფაქტობრივად, პარალელური წყალქვეშა კაბელის პროექტი გვემატება, სადაც საქართველოს ექნება ძალიან დიდი როლი და, მათ შორის, სივრცე, რათა დამატებით, ანუ, მიღმა 1 200 მგვტ-ისა, რომელიც ექნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, ასევე მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ფარგლებშიც მოახდინოს ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი ევროკავშირში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.