მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით „რაინეართან“ მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ 
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით „რაინეართან“ მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ 

ავიაკომპანია „რაინეარის“ შემოსვლა უდიდეს წვლილს შეიტანს, როგორც ტურიზმის, ასევე საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან ცნობადი ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიის სტატუსით სარგებლობს, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი მგზავრთნაკადის გაზრდის და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოსვლის. ჩვენ „რაინეართან“ ვგეგმავთ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისევე როგორც ვთანამშრომლობთ სხვა მოწინავე ავიაკომპანიებთან, იმ მიზნით, რომ მოხდეს საქართველოს სწორი პოზიციონირება, პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა, უშუალოდ იმ ქვეყნებში საიდანაც „რაინეარი“ რეისებს შეასრულებს როგორც დედაქალაქის, ასევე ქუთაისის მიმართულებით“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, წლის დასაწყისში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით მასშტაბური კამპანია დაიწყო საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად.

„უფრო დიდი აქცენტი კეთდება ევროკავშირის ქვეყნებზე, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, ბალტიის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ინტენსიურად, უფრო მეტად გავაძლიერებთ მუშაობას ახალ მიმართულებებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი“ საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.