მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს მნიშვნელობა სცდება შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას, წარმოადგენს ხიდს რეგიონებს შორის, რომელთა მომავალი სულ უფრო მეტად დაკავშირებული ხდება

15:35, 25.11.2025

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას. ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს კარიბჭეს, პარტნიორსა და ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში, გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იდენტობას და კეთილდღეობას მუდმივად განსაზღვრავდა ის წყლები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტებს, კულტურებსა და ეკონომიკებს.

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორია ცალსახად ძლიერია – 2021–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 9,8% შეადგინა. ეს დინამიკა 2025 წელსაც შენარჩუნდა და წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკა 7,8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას არსებითად განაპირობებს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და საზღვაო სექტორები, რაც ხაზს უსვამს დაკავშირებულობისა და ღირებულებათა ძლიერი ჯაჭვების როლს, როგორც ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნდამენტურ მამოძრავებელ ძალას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო IMO-ს წევრი ქვეყნების წინაშე დგას, როგორც ერთგული პარტნიორი ერთობლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ურთიერთდაკავშირებული და მდგრადი საზღვაო მომავლის შესაქმნელად.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი