მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს გასულ წელს 9 357 964 საერთაშორისო მოგზაური ეწვია
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს გასულ წელს 9 357 964 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა.

„2019 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულეებით. მთავრობისა და კერძო სექტორის დაუღალავი მუშაობით ჩვენ ერთობლივად შევძელით აღმოგვეფხვრა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები. კერძო სექტორთან აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობით დიდი სამუშაო გავწიეთ და შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, ასევე, გავატარეთ მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა, როგორიცაა მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის შექმნა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. შედეგად 2019 წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან და ფაქტობრივად ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთა შესახებაც ჩვენ 2019 წლის დასაწყისში საჯაროდ განვაცხადეთ, რომ დავიწყებდით აქტიურ კამპანიებს. წელს ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და ყველა აქტივობას, რომ მოხდეს ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ტურიზმისა და შემოსავლების გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია, ახალი ბაზრების ათვისება, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომ ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ბიზნესებს და ამ სფეროში დასაქმების მსურველებს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 7,725,774 შეადგინა, ზრდა +7.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.

დატოვე კომენტარი