მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე განსაკუთრებული პოზიციებით წარდგება
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე განსაკუთრებული პოზიციებით წარდგება

საქართველო მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ტურისტული გამოფენა-ბაზრობაზე ITB Berlin განსაკუთრებული პოზიციებით წარდგება, – ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ძალიან რთულ კონკურსში გაიმარჯვა და ბერლინში დაგეგმილი გამოფენის მასპინძელი გახდა.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ გაიმარჯვა საკმაოდ რთულ კონკურსში და ჩვენ გავხდით მასპინძელი ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბერლინში. ეს ნიშნავს, რომ 2022 წელს საქართველო წარდგება აღნიშნულ გამოფენაზე განსაკუთრებული პოზიციებით. ჩვენ, როგორც გამარჯვებულებს უკვე გვეკუთვნის 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგული დაფარვა, ისევე, როგორც გვექნება პირდაპირი წვდომა ერთ მილიარდიან აუდიტორიაზე. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობა ჩვენი კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ერთად გადავაბიჯებთ ტურიზმის აბსოლუტურად ახალ ერაში, რომელიც საქართველოს მოუტანს ძალიან ბევრ მოგზაურს ევროკავშირიდან, ისევე, როგორც სტრატეგიული ქვეყნებიდან, რაზეც ჩვენი ქვეყანა უკვე წლებია, ინვესტირებას აკეთებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გერმანიაში 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „რუმსში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც მონაწილეობდა.