მარიამ ქვრივიშვილი - საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში, ასევე სხვა რეგიონებში
მარიამ ქვრივიშვილი - საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში, ასევე სხვა რეგიონებში

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 500-ზე მეტი დამსვენებელი საკარანტინო ზონებში გადაიყვანა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში 20-ზე მეტ სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოაწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონების ჩამოყალიბება მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდა.

მისი თქმით, ყველა სასტუმრო, სადაც საკარანტინო ზონაა განთავსებული, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს სასტუმროებთან და დამსვენებლებთან, რათა მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე, რაც საჭიროა მათი უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციისთვის. საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში ასევე სხვა რეგიონებში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფის წევრები ახორციელებენ მუნიციპალიტეტში მდებარე განთავსების ობიექტების აღწერას, სასტუმროების პერსონალს აცნობენ პროტოკოლებს, ასევე დამსვენებლებისთვის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დამსვენებლების ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონებამდე საკუთარი ტრანსპორტით. იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირებას კი, რომლებიც ავტომობილის გარეშე იმყოფებიან სვანეთში, საკარანტინო ზონებამდე სახელმწიფო უზრუნველყოფს.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის დავალებით, „კოვიდ 19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარე განთავსების 20 ობიექტში საკარანტინე სივრცეების ამოქმედება. მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მათ, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.