მარიამ ქვრივიშვილი - რუსი ტურისტების შემცირებით ტურიზმის სექტორს 44,3 მლნ აშშ დოლარი დააკლდა
მარიამ ქვრივიშვილი - რუსი ტურისტების შემცირებით ტურიზმის სექტორს 44,3 მლნ აშშ დოლარი დააკლდა

2019 წლის ივლისში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება ტურიზმიდან შემოსავლებზეც აისახა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში 58 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რეალური დანაკლისი გაცილებით მეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ორნიშნა იყო.

„აღნიშნული ტენდენცია 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლის შესწავლითაც კარგად ჩანს. მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ქვეყანამ ტურიზმიდან 95 მლნ აშშ დოლარით მეტი მიიღო, რაც 7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე,“ – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებამ საქართველოდან რუსი ტურისტების დიდი ნაწილის შემცირება და შესაბამისად, შემოსავლების კლება გამოიწვია.

მისი გათვლებით, 2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

„44,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დანაკარგი ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო სასტუმროებს, კაფე-რესტორნებს, ტუროპერატორებს, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებს და სხვას, სულ მცირე, თანხების ეს რაოდენობა  დააკლდათ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.