მარიამ ქვრივიშვილი - რთულია პროგნოზი, როგორი იქნება ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო წლებში, თუმცა ჩვენი ელექტროსადგურები დღეს რა ტარიფებითაც ოპერირებენ, განსხვავებულია, მათ შორის, ევროკავშირის ტარიფებისგან
დღეს ძალიან რთულია, წინასწარ პროგნოზი გააკეთო, როგორი იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ელექტროსადგურები რა ტარიფებითაც ოპერირებენ, თვისობრივად განსხვავებულია იმ ტარიფებისგან, რომელიც, მათ შორის, ევროკავშირშია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა ქვრივიშვილს ჰკითხა: რამდენად რეალისტურია, რომ გენერაციის ობიექტების დამატებამ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გააიაფოს და რა ტიპის ახალ შესაძლებლობებს ქმნის ეს?
„სწორედ აქ შემოდის დიდი ღირებულება, რასაც საქართველო, მათ შორის, ევროკავშირისთვის შექმნის, თუმცა ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის გენერაციასთან ერთად, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ ტარიფი, რომელიც, მათ შორის, სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, იყოს დაბალანსებული, რათა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ფაქტობრივად, ყველა სექტორში ოპერირებად ბიზნესებთან და მუდმივად ისმენს მათგან უკუკავშირს, სად შეიძლება, მათ სჭირდებოდეთ დამატებითი ხელშეწყობა ან დახმარება ხელისუფლებისგან.
„ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყანაში შიდა და საერთაშორისო ინვესტიციების ზრდა, ფაქტობრივად, ყველა პრიორიტეტულ სექტორში; მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ამ ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ამ ყველაფერმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს ახალი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ტრადიციულად, ყოველთვის მომართულია იმისკენ, რომ ნებისმიერ სექტორს თუ ინვესტიციას, რომელიც ასეთ სიკეთეებს ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის, ხელი შეუწყოს.
„მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სწორ და ჯანსაღ ინსტრუმენტს, რათა ხელი შევუწყოთ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს. ბუნებრივია, ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ჯანსაღად ვითარდება. ჩვენს ქვეყანას, საბედნიეროდ, აქვს რეგიონში, ისევე როგორც ევროპის წევრ ქვეყნებში მოწინავე ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ზრდით გამოვირჩევით, 2022–2024 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 9,8%-ით გაიზარდა და მიმდინარე წელიც, საბედნიეროდ, არის გამორჩეულად წარმატებული, საშუალოდ, 7,6%-ია.
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი ძირეული სექტორები ძალიან ჯანსაღად, დივერსიფიკაცირებულად და მდგრადად ვითარდებიან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ისეთ სექტორებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორი, სტუმარმასპინძლობის სექტორი; საექსპორტო პოტენციალი იზრდება წლიდან წლამდე, ისევე როგორც იზრდება ინვესტიციების მოცულობა და სწორედ აქედან, სექტორების საჭიროებიდან, იმ უკუკავშირიდან გამომდინარე, რასაც ვიღებთ, პირველ რიგში, ჩვენი ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლებიდან, ჩვენ მუდმივად უზრუნველვყოფთ იმას, რომ თითოეული ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, სწორად და ჯანსაღად იქნეს გამოყენებული ეკონომიკის თითოეული დარგის განვითარებისთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.