მარიამ ქვრივიშვილი - რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან პირდაპირ კავშირზე ვართ, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროული დახმარება აღმოვუჩინოთ
მარიამ ქვრივიშვილი - რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან პირდაპირ კავშირზე ვართ, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროული დახმარება აღმოვუჩინოთ

რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

ადმინისტრაციის ცნობით, სტიქიის შედეგებიდან გამომდინარე, უწყება მუდმივ კონტაქტზეა ობიექტებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს სწრაფად დაეხმაროს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია და მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღება დამსვენებლების მიმართ, რომლებიც ამ დროისთვის სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

„შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია და რაჭაში იმყოფებიან დამსვენებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი განთავსების ობიექტებიდან, ადამიანებისგან რომლებიც იქ ისვენებენ, რათა დროული დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა ადამიანსა და სასტუმროს, რომელთაც ამის საჭიროება სტიქიის გამო დაუდგათ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაჭაში, სტიქიის ზონაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა. გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში იმყოფებოდა, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც ორ დასახლებას შორის საავტომობილო მიმოსვლა შეუძლებელია. პრემიერი ამ დროისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერიაში იმყოფება, სადაც საგანგებო შტაბის სხდომას გამართავს.