მარიამ ქვრივიშვილი - პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით გერმანიის მიმართულებით ფრენების დანიშვნაზე
მარიამ ქვრივიშვილი - პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით გერმანიის მიმართულებით ფრენების დანიშვნაზე

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების – დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა.

ასევე განხორციელდა მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომლებიც რეისებს ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა იმ ავიაკომპანიასთან, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, ევროპის ჩემპიონატის დღეებში გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით განახორციელონ ფრენები, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ჩვენი გულშემატკივრების პირდაპირი ფრენებით და ხელმისაწვდომი ფასებით გადაადგილება, რათა მათ შეძლონ და უგულშემატკივრონ ჩვენი ნაკრების ყოველ მომდევნო გამარჯვებას. სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ყველა ავიაკომპანიასთან, რათა საქართველოს მთავრობას ჰქონდეს სწორი სამოქმედო გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება, მოხდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენის სტიმულირება ხელმისაწვდომი ფასებით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაიწყება მუშაობა დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით.