მარიამ ქვრივიშვილი - მზად ვართ, საკარანტინო ზონებში უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ
მარიამ ქვრივიშვილი - მზად ვართ, საკარანტინო ზონებში უფრო მეტი ადამიანი მივიღოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შექმნილ საკარანტინო ზონებში ამ დროის მონაცემებით 4800-ზე მეტი ადამიანია განთავსებული.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო ზონები მთელი საქართველოს მასშტაბით 72 სასტუმროშია შექმნილი.

„ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს სასტუმროებთან, ვზრდით რაოდენობას, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოსულ ადამიანებს, ან საქართველოში მყოფ იმ პირებს, რომლებსაც  თვითიზოლაციის საშუალება არ აქვთ, შესაძლებლობა ჰქონდეთ,  ჩვენი საკარანტინო ზონები გამოიყენონ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკარანტინო ზონებში მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ვუმასპინძლოთ უფრო მეტ ნაკადს“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონების მოწყობა, ორგანიზება და მართვა დაევალა, სადაც 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო პერიმეტრს სახელმწიფო დაცვის პოლიცია იცავს.

„ჩვენ ვმასპინძლობთ 4800-ზე მეტ ადამიანს საკარანტინო ზონაში, ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველდღიურად ვკითხულობთ ამ ადამიანების ძალიან პოზიტიურ შეფასებებს, თუ რა კარგ პირობებში იმყოფებიან. როგორც იცით, საკარანტინო ზონები მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს მოიცავს ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას. აღნიშნული ზომები გვეხმარება, რომ ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთიდან საქართველოში ჩამოდიან, ასევე ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან და საჭიროებენ საკარანტინო ზონაში ყოფნას,  არ გახდნენ ვირუსის უნებლიე გამავრცელებლები“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ამასთან, მისი თქმით კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.

„ტურიზმის ინდუსტრიასთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ყოველთვის ვამაყობდით, რომ ტურიზმის სექტორთან მჭიდრო, გამორჩეულად ძლიერი თანამშრომლობა გვქონდა, მაგრამ COVID-19-თან ბრძოლაში ტურიზმის ინდუსტრიამ გამოიჩინა ყველაზე მეტად სულგრძელობა, რაც გამოიღებს შედეგს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა სასტუმროს მფლობელსა თუ მმართველ გუნდს, რომლებმაც დიდსულოვნება გამოიჩინეს და საკარანტინო ზონებისთვის უფასოდ ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმეს სასტუმროები“, – აცხადებს ქვრივიშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით,  მოლოდინი პოზიტიურია.

„ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, იქედან გამომდინარე, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია სიძლიერით გამოირჩევა, მრავალი წელი გავიდა, რაც ტურიზმის სექტორი საჯარო უწყებებთან ერთად ძლიერდება და ვითარდება. ჩვენ გვახსოვს გასული წელი, რომელიც რთული იყო, მაგრამ ჩვენ ერთობლივად წარმატებულად დავასრულეთ და გავუმკლავდით იმ გამოწვევებს. მარტის, აპრილისა და მაისის თვე იქნება გამოწვევით სავსე, მაგრამ კონკრეტული პერიოდის შემდეგ, ჩვენ მოლოდინი  პოზიტიური გვაქვს. სახელმწიფომ შეძლო და ამ საერთო ნეგატიურ ფონზე მთელ მსოფლიოში დაამკვიდრა პოზიცია, როგორც ძალიან ეფექტიანად მომუშავე ქვეყანა უსაფრთხოების კუთხით“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.