მარიამ ქვრივიშვილი – მთავარია ის ღირებულება, რაც ცალკეული ინვესტიციის შედეგად ფართო ჭრილში მიიღწევა და რამაც დიდი გავლენა უნდა იქონიოს როგორც რეგიონულ, ასევე სექტორულ განვითარებაზე
ეკონომიკის დივერსიფიკაცია იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „საქართველო – ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ ისაუბრა.
„ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, დივერსიფიკაცია უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ყველა ბიზნესს, იქნება ეს ადგილობრივად თუ საერთაშორისოდ დაფინანსებული, მეტად სტაბილური და მდგრადი ზრდის მაჩვენებელი ჰქონდეს. ჩვენი მხრიდან, ცალკეული ძალისხმევის შედეგად არსებობს მთელი რიგი სექტორები, რა მიმართულებითაც აქცენტების გაკეთებას ვფიქრობთ, აქ იგულისხმება ტურიზმი თუ სხვა მიმართულებები, რომლებიც მთლიან შიდა პროდუქტზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებენ და რომლებიც მთავრობის მიერ შემუშავებულ ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას აბსოლუტურად პასუხობენ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სფეროში ინვესტიციებზე საუბრისას მთავარი აქცენტი პროექტის ღირებულებაზე კეთდება, მეორე ცოდნის განახლების პროცესია, მესამე კი – ქვეყნის ეკონომიკაში კონტრიბუცია.
„ჩვენ გვაინტერესებს თითოეული პროექტისა და იმ ინვესტიციის ღირებულება, რასაც მთელი ამ პროექტის შედეგად მივიღებთ. ეს ღირებულება ითვალისწინებს, პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შექმნას, რაც სხვადასხვა სეგმენტსა და ცალკეული ადამიანების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე დადებით გავლენას ახდენს; მეორე ღირებულება არის ცოდნის განახლება, ცოდნის მუდმივი მიღება. შესაბამისად, ახალი განათლება და ახალი უნარები ეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რომ ზრდა განაგრძოს; მესამე – ეს არის ჩვენს ეკონომიკაში კონტრიბუცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით სწორი ბალანსის დაცვა, რათა ის ქვეყნის ეკონომიკურ მიზნებსა და მიმართულებებს პასუხობდეს“, – განმარტა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინვესტიციებზე საუბრისას მთავარია სწორედ ის ღირებულება, რაც ცალკეული ინვესტიციის შედეგად ფართო ჭრილში მიიღწევა და რამაც დიდი გავლენა უნდა იქონიოს როგორც რეგიონულ, ასევე სექტორულ განვითარებაზე.