მარიამ ქვრივიშვილი - მოვუწოდებ ყველა უცხოელ და ქართველ ტურისტს, იმოგზაუროს სვანეთში ზამთრის სეზონზე  
მარიამ ქვრივიშვილი - მოვუწოდებ ყველა უცხოელ და ქართველ ტურისტს, იმოგზაუროს სვანეთში ზამთრის სეზონზე  

მოვუწოდებ ყველა უცხოელ და ქართველ ტურისტს, იმოგზაუროს სვანეთში ზამთრის სეზონზე, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც სვანეთში გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისა და საჭიროებებზე დროული რეაგირების მიზნით, საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ მესტიაში შედგა.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით საკოორდინაციო ჯგუფი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამუშაო შეხვედრებს. სვანეთში საკოორდინაციო შეხვედრა ყველა უწყებასთან შედგა, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულია სამთო-სათხილამურო კურორტთან, ტურიზმთან. ადგილზე გავეცანით სეზონზე მიმდინარე გამოწვევებსა და წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, რომელიც შესრულდა სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის. ასევე მოვინახულეთ სათხილამურო ტრასები, ვნახეთ საკმაოდ ბევრი საერთაშორისო და შიდა ტურისტი. იქიდან გამომდინარე, რომ სამთო-სათხილამურო ტრასები გამართულია და თოვლიც გვაქვს, მოვუწოდებ ყველა უცხოელ და ქართველ ტურისტს, იმოგზაუროს სვანეთში ზამთრის სეზონზე“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სვანეთში გამართულ შეხვედრაზე ზამთრის სეზონზე არსებული გამოწვევები და მათი მოკლე ვადაში შესაძლო გადაჭრის გზები განიხილეს.

„საკოორდინაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელებთან ერთად, სვანეთში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ელექტროენერგიის ჭარბი გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო შეფერხების დაფიქსირების შემთხვევაში მოქმედების სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. საუბარი შეეხო წყალმომარაგების, გზების, პარკინგისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხებსაც“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელ თეიმურაზ გამცემლიძესთან ერთად, თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსიც დაათვალიერა. მათი შეფასებით, ორივე სათხილამურო არეალი ვიზიტორების მისაღებად მზად არის.