მარიამ ქვრივიშვილი - ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია
მარიამ ქვრივიშვილი - ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, დიდ ბრიტანეთში ლონდონის პრესტიჟული საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გამოფენაში მონაწილე ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების, საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

წელს ლონდონის გამოფენაზე WTM საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10 ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია წარმოდგენილი.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობას საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ლონდონის გამოფენაზე ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოფენაში წარმატებით მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების კიდევ უფრო გაძლიერებას და აღდგენას,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. წელს ის 43-ედ გაიმართა. გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუმარმასპინძლობის, ავიაციის, ტრანსპორტის, სამოგზაურო ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებს მასპინძლობს. გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ B2B შეხვედრების ფორმატში ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნონ ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები. გამოფენას 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. WTM-ზე 5 000-მდე კომპანიაა წარდგენილი.

გამოფენას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას სამი ათასი ჟურნალისტი აშუქებს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.