მარიამ ქვრივიშვილი - კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იზიარებენ სახელმწიფოს შეხედულებას, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ ფასების შემცირება, რაც მისასალმებელია
სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომაზე საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დეტალურად ვისაუბრეთ იმ მიგნებების შესახებ, რომლებიც მთავრობას აქვს უშუალოდ სასურსათო პროდუქტებთან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება იყოს ის გარემო ფაქტორები, რომლებიც რეალურად გავლენას ახდენს მაღალ ფასებზე.
„განსაკუთრებით აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ასევე იზიარებენ სახელმწიფოს შეხედულებას, რომ საერთო ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირება. ეს პროცესი გაგრძელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროცესში. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული სამუშაო ფორმატით შევძლებთ ერთობლივად ხელშესახები შედეგების მიღწევას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.