მარიამ ქვრივიშვილი - ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
მარიამ ქვრივიშვილი - ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველომ, ტრადიციულად, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს, რის ფარგლებშიც ფაქტობრივად უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს, მათ შორის, ერთგვარი დემონსტრირებაა, რამდენად კეთილგანწყობილია საქართველოს ურთიერთობები.

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ყოველდღიურ კავშირზე ვიმყოფებით ჩვენს კოლეგებთან, რამდენადაც გვაკავშირებს ძალიან ბევრი სექტორი. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ გადაზიდვებზე, განსაკუთრებით გამოვყოფდი თანამშრომლობას შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთმანეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით ვოპერირებთ. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა შეთანხმებული პროექტები შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით უზრუნველვყოთ, რათა ჩვენმა ქვეყნებმა განაგრძონ, შექმნან ძალიან დიდი ღირებულება, უპირატესობა, ისევე როგორც ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, შუა დერეფანი იყოს ერთ-ერთი გამორჩეულად კონკურენტუნარიანი მარშრუტი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

კითხვაზე, – პოლიტიკურ შეფასებებს, „რაც ბოლო პერიოდში ისმის, რეალური საფუძველი აქვს, თუ ეს მხოლოდ პოზიციონირებაა?“ – მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა:

„საფუძველს მოკლებულია, ეს სპეკულაციები უფროა, ვიდრე შეფასებები. ჩვენი ურთიერთობები არის ძალიან მეგობრული, თანამშრომობაზე, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სამაგალითოა ის ურთიერთობები, პარტნიორობა, რომელიც აზერბაიჯანის თითოეულ სამინისტროსთან გვაქვს და ხელისუფლებას – ხელისუფლებასთან. პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში საქართველომ, ტრადიციულად, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს, რის ფარგლებშიც ჩვენ ფაქტობრივად უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება. ეს, მათ შორის, არის ერთგვარი დემონსტრირება, კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რამდენად კეთილგანწყობილია ჩვენი ურთიერთობები, თანამშრომლობაზე, მშვიდობასა და რეგიონში სტაბილურობაზეა მიმართული. აქედან გამომდინარე, ყველა სექტორში, იქნება ეს ტრანსპორტის მიმართულება თუ ენერგეტიკული სექტორი, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენს ქვეყანას ამ ეტაპზე კვლავ ესაჭიროება ელექტროენერგიის იმპორტი და აზერბაიჯანი ამ ნაწილში ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები, რაც ეხება 2027 წელს. გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად დავიწყეთ მათთან ერთად საუბარი, მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, დადებითად გაგრძელდება თანამშრომლობა, რომელიც ორ ქვეყანას ამ ფორმატშიც აკავშირებს. სწორედ ამ თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე დაყრდნობით ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დიდი რესურსი მიმართოს საქართველოს რკინიგზის შემდგომ განვითარებაში. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე, რათა გაზრდილიყო საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა და ტვირთნაკადები გლობალურად ძალიან მზარდია. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, ტრანზიტული როლი მეტად გამყარდეს და საქართველომ განაგრძოს, იყოს კონკურენტუნარიანი ქვეყანა, კარგი პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფად გადაზიდვას, მაღალი ხარისხით, ისევე როგორც გამტარუნარიანობის ზრდას. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო წლების განმავლობაში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება უშუალოდ საქართველოს რკინიგზაში, რის ფარგლებშიც მოხდება განვითარება და დამატება, მათ შორის ლოკომოტივების პარკის. ასევე, ჩვენ, ფაქტობრივად, დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რის ფარგლებშიც გაორმაგდა  საქართველოს რკინიგზის გამტარობა“.

მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში სტუმრობისას ასევე ისაუბრა საერთაშორისო ვიზიტებზე, თანამშრომლობასა და შედეგებზე.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი, შედეგიანი ვიზიტები გასული ერთი თვის განმავლობაში. პირველ რიგში, გამოვყოფდი ვიზიტს უზბეკეთში, სადაც საქართველო მონაწილეობას იღებდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო და საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც იყო ევროკავშირი. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო მნიშვნელოვან პანელურ დისკუსიებში. მოვყევით ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლის განვითარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის განვითარებაში. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო მინისტერიალზე, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ იმ გეგმების შესახებ, რომლებიც ჩვენ, როგორც რეგიონს გვაქვს. აღნიშნულ მინისტერიალს ასევე ესწრებოდნენ ჩვენი კოლეგები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. ღონისძიების ფარგლებში საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან, რომელთან ერთადაც ვისაუბრეთ მნიშვნელოვან ახალ ინიციატივებზე, ისევე როგორც ინვესტიციების ზრდაზე, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში საფრანგეთიდან საქართველოში. ვხედავთ, რომ მზარდია ინტერესი ამ მიმართულებით, ისევე როგორც, მზარდია ეკონომიკური კავშირები. რა თქმა უნდა, უნდა გამოვყოთ პირდაპირი ფრენების მნიშვნელობა, ისევე როგორც სტუმარ-მასპინძლობის სექტორში საფრანგეთიდან შემოსული ტურისტული ნაკადების ყოველწლიური ზრდა. საკმაოდ ნაყოფიერი ვიზიტი გვქონდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, სადაც საქართველომ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე. აღნიშნული ასამბლეის ფარგლებში, მათ შორის ორმხრივი შეხვედრები გვქონდა კოლეგებთან საბერძნეთიდან, კვიპროსიდან, ჩინეთიდან, სხვა ქვეყნებიდან. ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი, ხელშესახები შედეგებით დავბრუნდით, რაც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებთან, თუ როგორ შეიძლება, მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რაც მთავარია, სატრანსპორტო სექტორში ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და კავშირები“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.