მარიამ ქვრივიშვილი - იმუნიზაცია ეროვნულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული, საქართველო სრულფასოვნად არის აღჭურვილი ვაქცინების მისაღებად
მარიამ ქვრივიშვილი - იმუნიზაცია ეროვნულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული, საქართველო სრულფასოვნად არის აღჭურვილი ვაქცინების მისაღებად

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, სადაც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, მარიამ ქვრივიშვილი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ არა მხოლოდ გლობალური პანდემია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევაა, არამედ მან მძიმედ დააზიანა გლობალური ეკონომიკაც.

ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, შეაკავოს პანდემია და სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური სტაბილურობა.

მისი განმარტებით, ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ეკონომიკის უსაფრთხო და სწრაფი აღდგენის სტრატეგიაში.

„ჩვენ მოწმენი ვართ შემოსავლების უპრეცედენტო შემცირების, უმუშევრობის ზრდისა და მნიშვნელოვანი ინდუსტრიების შესუსტების. თქვენი ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, შეაკავოს პანდემია და სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური სტაბილურობა. პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8 პროცენტს შეადგენდა, შესაბამისად, ის ეკონომიკის აღდგენის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის უსაფრთხო და სწრაფი აღდგენის სტრატეგიაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „კოვიდ 19“-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა, ჯანდაცვის პროფესიონალებთან, სახალხო დამცველთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რითიც უზრუნველყო, რომ დაცულია მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები და ეფექტური ვაქცინაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში წარიმართება.

იმუნიზაცია საქართველოსთვის ეროვნულ პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ჩვენ გვაქვს ეფექტური სისტემა, ის მათ შორის მოიცავს მაღალტექნოლოგიურ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში.

საქართველო სრულფასოვნად არის აღჭურვილი ვაქცინების მისაღებად და ეფექტური ადმინისტრირების პროცესის განსახორციელებლად – ჩვენ ვაკმაყოფილებთ ცივი ჯაჭვისთვის საჭირო მოთხოვნებს, მათ შორის, საქართველოს მსხვილ რეგიონებში არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სადაც დაცულია -80 და -20 ცელსიუსი ტემპერატურის რეჟიმი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.