მარიამ ქვრივიშვილი - გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოს ბრენდირება მთელი გამოფენის ტერიტორიაზე მოხდება
მარიამ ქვრივიშვილი - გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოს ბრენდირება მთელი გამოფენის ტერიტორიაზე მოხდება

2022 წელს მსოფლიოს ყველაზე მსხვილ და პრესტიჟულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარდგენა ქვეყანას პრივილეგიას ანიჭებს, რომ ქვეყნის ბრენდირება მთელი გამოფენის მასშტაბით მოახდინოს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე (ITB Berlin) 2022 წელს საქართველოს მასპინძლის სტატუსით წარდგენის მნიშვნელობა განიხილეს.

ტურიზმის ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის (ITB Berlin) ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. სამი დღის განმავლობაში გამოფენას 5 000-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

გადაცემის მსვლელობისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ვიზიტორი ესწრება და ის საქართველოს ერთ მილიარდზე მეტ ადამიანთან წვდომას მისცემს. გარდა ამისა, გამოფენის ორგანიზატორებისგან ქვეყანა 37 მილიონი ევროს ღირებულების პიარ და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრივილეგია მაინც საქართველოს მასშტაბური ბრენდირების შესაძლებლობაა.

„ჩვენი უპირველესი პრივილეგია, რომელიც როგორც მასპინძელ ქვეყანას გვაქვს, ის არის, რომ 2022 წელს მთელი გამოფენა [რომელიც რამდენიმე კილომეტრზე იშლება] საქართველოთი იქნება დაბრენდილი, დაწყებული შემოსასვლელიდან, დამთავრებული პავილიონის დარბაზებით. უშუალოდ გამოფენის ფორმატი ისეთია, რომ სხვადასხვა დარბაზია სხვადასხვა თემიდან გამომდინარე. შეიძლება, იყოს მაგალითად კულტურული, მდგრადი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის დარბაზი ა.შ. და ყველგან განსაკუთრებული აქცენტი გვექნება. თუმცა, როგორ წარდგება ქვეყანა და პოზიციონირების რა გზას აირჩევს, ეს ის პროცესია, რომელშიც ჩვენთან ერთად აუცილებლად ჩაერთვება შესაბამისი კერძო სექტორი. ეს ცალკე პროექტი და სამუშაოა. ამისთვის ორი წელი გვაქვს და მუშაობას, რა თქმა უნდა, უკვე დღეიდან ვიწყებთ, მაგრამ ნათელია, რომ ცალსახად ყველა იმ კონკურენტუნარიანი პროდუქტის წინ წამოწევას ვაპირებთ, რაც ჩვენს ქვეყნას გააჩნია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.