მარიამ ქვრივიშვილი - განსხვავებული საოპერაციო ხარჯების გამო პირობების გადახედვას მუდმივად ვცდილობთ, რათა სასტუმრომ კარანტინის პროექტში ჩართვა და ოპერირება შეძლოს
მარიამ ქვრივიშვილი - განსხვავებული საოპერაციო ხარჯების გამო პირობების გადახედვას მუდმივად ვცდილობთ, რათა სასტუმრომ კარანტინის პროექტში ჩართვა და ოპერირება შეძლოს

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს ფიქსირებული ტარიფი, რომლის ფასის ფარგლებში, ანაზღაურებს საქართველოს მოქალაქეების განთავსებას სასტუმროებში, სამჯერად კვებას, ისევე როგორც პირადი ჰიგიენის ნივთების არსებობას ოთახებში.

ამასთან, როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, განსხვავებული საოპერაციო ხარჯების გამო პირობების გადახედვა მუდმივად ხდება, რათა სასტუმრომ კარანტინის პროექტში ჩართვა და ოპერირება შეძლოს.

„კარანტინებს რაც შეეხება, პირველ რიგში, მინდა, განვმარტო, რას მოიცავს სახელმწიფოს მიერ გადახდილი ტარიფები. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს ფიქსირებული ტარიფები, როდესაც ხდება სასტუმროების ჩართვა საკარანტინე პროექტში. სასტუმროები, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაწესებულ კრიტერიუმებს, რაც გულისხმობს ვირუსის პრევენციისთვის საჭირო კრიტერიუმებს, თითოეული მათგანი დღეს არის ჩართული საკარანტინე სივრცეში. ეს არის გამჭვირვალე, სწრაფი და ეფექტური პროექტი. ყველა სასტუმრო მთელი საქართველოს, რეგიონების მასშტაბით აკმაყოფილებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწერილ კრიტერიუმებს, რომლებიც არ არის რთული კრიტერიუმები. კარანტინის პროექტის მართვა არ არის მარტივი. საკმაოდ რთულ პროცესებს გულისხმობს და აქედან გამომდინარე, ბევრმა სასტუმრომ უარი თქვა ამ პროექტში ჩართვაზე. სახელმწიფოს აქვს ფიქსირებული ტარიფი, რომლის ფასის ფარგლებში, ანაზღაურებს საქართველოს მოქალაქეების განთავსებას სასტუმროში, სამჯერად კვებას, ისევე როგორც პირადი ჰიგიენის ნივთების არსებობას ოთახებში. მოგეხსენაბათ, ტარიფები გამჭვირვალეა და გულისხმობს დღე-ღამეში 50 ლარს. იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებული კლიმატური პირობები შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, გუდაურში არსებულ სასტუმროებში უკვე უწევთ, გათბობა ჩართონ სექტემბრის დასაწყისიდან. ავდივართ განსხვავებულ საოპერაციო ხარჯებზე და მუდმივად ვცდილობთ, საჭიროების შემთხვევაში, იყოს გადახედილი პირობები, რომ სასტუმრომ შეძლოს კარანტინის პროექტში ჩართვა და ოპერირება. ტარიფი, რომელსაც სახელმწიფო იხდის, კომპლექსური ტარიფია და არ გულისხმობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქის განთავსებას, ეს გულისხმობს მათ სამჯერად კვებასაც. ეს არის მიმდინარე პროცესი, აქედან გამომდინარე, ცვალებადია დახარჯული ტარიფები, რომლებიც გასწია სახელმწიფომ“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.