მარიამ ქვრივიშვილი - გახსნებთან ძალიან ფრთხილი მიდგომა გვაქვს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რეგულაციის შემსუბუქებისას
მარიამ ქვრივიშვილი - გახსნებთან ძალიან ფრთხილი მიდგომა გვაქვს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რეგულაციის შემსუბუქებისას

​ტურიზმის აღდგენასა და გაძლიერებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს მდგრადი, სტაბილური და აღარ იყოს რყევები, რომლებზეც ძალიან სენსიტიურად რეაგირებს ტურიზმის ინდუსტრია, რადგან ეს პირდაპირ აისახება ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე, შემოსავლებზე და ა.შ. შესაბამისად; ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი მიდგომა გახსნებთან, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რეგულაციის შემსუბუქების შემთხვევაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ რეგულაციების მნიშვნელობას, რომლებიც მთავრობის აქტიური ძალისხმევით დაინერგა და ეფექტურია უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

„ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც კორონავირუსი ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა და ვიცოდით, რომ დადგებოდა პერიოდი, როგორც დღეს არის, როცა მოგვიწევდა ვირუსთან თანაცხოვრება, ჯანდაცვის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად შევქმენით კოვიდ რეგულაციები სასტუმროებისთვის, გიდებისთვის, ტრანსპორტისთვის და ა.შ, რაც, პირველ რიგში, გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად ვიცოდეთ, რა რეგულაციების აღსრულებით შევინარჩუნებთ უსაფრთხოების იმ ნორმებს, რომელიც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანისთვის და ასევე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.