მარიამ ქვრივიშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან დაგეგმილი პროექტებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.

„დღეს გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით”, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თავის მხრივ, პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე  განიხილეს სამომავლო გეგმები, რომელიც საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება.

„საქართველოს მთავრობასთან ერთად ვგეგმავთ რეგიონებში ღონისძიებები გავმართოთ, რომ ავამაღლოთ საქართველოს ტურისტული იმიჯი. ივნისში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების ვიზიტი გაიმართება, ჩვენ ადგილზე გავაცნობთ ათეულობით მინისტრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს”, -განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.