მარიამ ქვრივიშვილი - გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან განვიხილეთ ახალი ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებით გააძლიერებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას
მარიამ ქვრივიშვილი - გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან განვიხილეთ ახალი ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებით გააძლიერებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო პირველი გაცნობითი შეხვედრა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელთან, დავსახეთ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ახალი ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დუბაიში მტო-ს გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და ინვესტიციების მიმართულებების გაძლიერებას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფი ზრდისთვის.

„განსაკუთრებით გამოვყოფ განათლების ახალ შესაძლებლობებს, რომ ტურიზმი, როგორც პროფესია, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენ ქვეყანაში. ასევე ხაზგასასმელია ჩვენი ახალი ინიციატივები ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად უშუალოდ სტუმარმასპინძლობის სექტორში, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული პროდუქტები“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.