მარიამ ქვრივიშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაბანას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, განახლებადი  ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის, ციფრული ტრანსფორმაციის, მწვანე ტრანსპორტის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელშიც არმიდა სალსია ალისჯაბანა 22 ოქტომბერს  მიიღებს მონაწილეობას და პანელურ დისკუსიაზე – Rewiring Global Trade სიტყვით გამოვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია (ESCAP) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ინკლუზიური სამთავრობათშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის 53 წევრ სახელმწიფოსა და ცხრა ასოცირებულ წევრს შორის მდგრადი განვითარების მიმართულებით. არმიდა სალსია ალისჯაბანა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.