მარიამ ქვრივიშვილი – „ერთიან ფანჯარაზე“ გადასვლის შემდეგ საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24-დან ერთ საათამდე შემცირდა, სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები 7,5-ჯერ დაჩქარდა

18:36, 10.11.2026

ციფრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს შეფერხებების შემცირებას, კოორდინაციის გაუმჯობესებას და ენერგიის არასაჭირო ხარჯვის მინიმუმამდე დაყვანას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომელიც ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება და ანტალიაში გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს.

ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2024 წელს საზღვაო „ერთიან ფანჯარაზე“ გადასვლის შემდეგ საზღვაო ადმინისტრაციული პროცედურების დრო დაახლოებით 24 საათიდან ერთ საათამდე შემცირდა. აგრეთვე, სარკინიგზო საზღვრის გადაკვეთის პროცედურები დაახლოებით 7,5-ჯერ დაჩქარდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სატრანსპორტო დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას და ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების განვითარებას ტვირთების მეთვალყურეობისა და ოპერაციული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი