მარიამ ქვრივიშვილი - ენერგეტიკულ უწყებებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება უწყებებისა და უშუალოდ, ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას
ენერგეტიკულ უწყებებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება უწყებებისა და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით, 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს ამ ოპტიმიზაციის შედეგად, რაც მეტწილად საკადრო ოპტიმიზაციით არის განპირობებული.
„ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ უშუალოდ ჩვენსავე სამინისტროში გაგვეკეთებინა ძირეული რეფორმა, ისევე როგორც ყველა უწყებაში ენერგეტიკის ოპტიმიზაცია. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა უშუალოდ ჩვენს სამინისტროში შემავალ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით, რეორგანიზაციით, მათ შორის, მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს, რაც მეტწილად განპირობებულია საკადრო ოპტიმიზაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება ამავე უწყებების და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორების გაძლიერებას. მეორე მხრივ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მათთან საუბარი დარგში დაგროვებული გამოწვევების შესახებ. ამაზე ერთმანეთთან გულწრფელად, გულახდილად, გამჭვირვალედ ვსაუბრობთ. ნამდვილად არის რიგი გამოწვევები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს, რომელიც, ინვესტიციების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობასთან ერთად, ქმნის უმთავრეს ღირებულებას – ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას.