მარიამ ქვრივიშვილი დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტ შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმს შეხვდა. შეიხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის სამოქალაქო ავიაციის პრეზიდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჯგუფის ხელმძღვანელია, სადაც ავიაკომპანიები: „ემირატს“, „ფლაიდუბაი“ და დუბაის საერთაშორისო აეროპორტია გაერთიანებული, რომელიც მსოფლიოში დატვირთვით მესამე ადგილზეა და ყოველწლიურად 90 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. „ემირატსის“ ავიაკომპანია მსოფლიოში 161 მიმართულებით დაფრინავს და საჰაერო ფლოტი 254 ლაინერისგან შედგება. ავიაკომპანია „ფლაიდუბაი“ მსოფლიოს 94 ქალაქში ასრულებს რეისებს და 62 ლაინერს ფლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმი სახელმწიფო კორპორაცია „ემირატ გრუპის“ დამფუძნებელია, რომელიც ავიაკომპანია „ემირატსთან“ ერთად მსოფლიოში 78 აეროპორტს უწევს ოპერირებას. მარიამ ქვრივიშვილსა და შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმს შორის გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის, საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანია „ემირატსის“ შესაძლო ოპერირების შესახებ ისაუბრეს. შეიხთან გამართულ შეხვედრაზე არსებული რეისების სიხშირეების გაზრდის შესაძლებლობებიც განიხილეს (ავიაკომპანია „ფლაიდუბაი“ თბილისში დღეში ორჯერ დაფრინავს, ხოლო ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურ რეისებს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს). მარიამ ქვრივიშვილმა და შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მაქტუმმა საქართველოში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეაფასეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეიხთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. საქართველო, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება.