მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ავიაკომპანიის, China Eastern Airlines -ის წარმომადგენლებს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ავიაკომპანიის, China Eastern Airlines -ის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის შესაძლო შემოსვლაზე.

„ქართული მხარის მოლაპარაკებები ჩინეთის ავიაკომპანიასთან დასკვნით ეტაპზეა და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში ქართული მხარის ამოცანაა, რომ ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის მიმდინარე წელსვე დაიწყოს. აღინიშნა, რომ China Eastern Airlines-ის დელეგაცია საქართველოში ვიზიტისას გაეცნო ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ დიდი სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

აღსანიშნავია, რომ China Eastern Airlines-ი ჩინეთის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს. ამჟამად ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე 2 ავიაკომპანია ახორციელებს, Air China – 3 სიხშირით, China Southern Airlines-ი – 5 სიხშირით.

რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ჩინელ ვიზიტორთა 13,875 ვიზიტს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 40.1%-იანი ზრდაა. მოწინავე 15 ქვეყანას შორის 2025 წელს ჩინეთი კვლავ მეთერთმეტე ადგილს იკავებს საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტებით. 2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის რეზიდენტთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით საგრძნობლად, 83.4%-ით, გაიზარდა და 88,583 ვიზიტი შეადგინა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.