მარიამ ქვრივიშვილი - ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება
მარიამ ქვრივიშვილი - ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება

ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინო სივრცეების დისკრედიტაციის მცდელობა იმ ადამიანებისგან შეინიშნება, რომლებიც სავალდებულო 12 – დღიანი კარანტინისგან თავის არიდებას ცდილობენ.

„ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეების პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა შეინიშნება. ეს მცდელობა ვერ მართლდება, თუმცა მნიშვნელოვანია გამოვავლინოთ ის რეალური მიზეზი, რატომაც ვერ გააქტიურდა მსგავსი მცდელობები. ეს ეხება ადამიანთა იმ ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ სავალდებულო 12 – დღიან კარანტინს. საკარანტინო სივრცეების პროექტი, რომელიც საქართველის მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს მეთაურობით შექმნა, არის საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციაში.

დღევანდელი დღის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეებში გამოვლენილია ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება „კოვიდ – 19“-ის იმპორტირებას ჩვენს ქვეყანაში. ალბათ, მარტივია საზოგადოებისა და მედიისთვის იმი შეფასება, რა მოხდებოდა ეს 300 ადამიანი რომ საკარანტინო სივრცეში არ მოხვედრილიყო“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საკარანტინო სივრცეებში არსებულ პირობებსა და მომსახურებაზეც ისაუბრა. მან მედიის წარმომადგენლებს შესთავაზა, მედიატურის საშუალებით, ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეები დაათვალიერონ.

„არაფერს ვიტყვი იმაზე, რამხელა ღირებულება მოაქვს, მათ შორის საკარანტინო სივრცეებს ტურიზმის ინდუსტრიის არაპირდაპირ ხელშეწყობაზე. მოგეხსენებათ, გვაქვს მარტივი, მკაფიო კრიტერიუმები, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს. უკლებლივ ყველა სასტუმრო, რომელმაც გამოხატა ინტერესი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფიქსირებული ტარიფით, დღეს ჩართულია საკარანტინო პროექტში. სასტუმროების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელმაც უარი განაცხადა პროექტში ჩართულობაზე და უარის მიზეზი ძირითადად ორია. ერთი – სასტუმროს მფლობელებს ურჩევნიათ, სასტუმრო დაკეტილი ჰქონდეთ, ვიდრე პროექტში ჩაერთონ და მეორე – სასტუმროების კატეგორია, რომელსაც შიდა ტურიზმის წყალობით, დატვირთვის ძალიან კარგი კოეფიციენტი აქვს.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებში არსებულ პირობებს, მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური ინტენსივობით შემოგთავაზოთ მედიატურები  საქართველოში არსებულ ნებისმიერ საკარანტინო სივრცეში. უზრუნველვყოფთ თქვენს ჩასვლას პროტოკოლის დაცვით და თავად შეაფასეთ იქ არსებული მდგომარეობა და ფაქტობრივად, ის ხუთვარსკვლავიანი სერვისი, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანი შრომობს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

დატოვე კომენტარი