მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას
მარიამ ქვრივიშვილი - ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას

ავიაკომპანია EasyJet-ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ბრიტანული ავიაკომპანიის მიერ ჟურნალ Traveller-ი თბილისის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, ავიაკომპანიასთან ერთად დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.

„ავიაკომპანიასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა, რაც საქართველოს ცნობადობის ზრდას განაპირობებს და სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების შემოდინებას. ავიაკომპანია, თავის მხრივ, გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან დაიწყებს. მინისტრის მოადგილის თქმით, easyJet-ის შემოსვლა საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას აღნიშნული ქვეყნებიდან.

„სახელმწიფო განაგრძობს საქართველოს პოპულარიზაციას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში, რათა ტურიზმის ინდუსტრიამ განაგრძოს მდგრადი და დივერსიფიცირებული განვითარება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.