მარიამ ქვრივიშვილი - აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი
დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია მშენებლობა ანაკლიის პორტში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ხორციელდება დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო პირველ გემს პორტი 2029 წელს მიიღებს.
„ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ 2029 წელს მივიღოთ პირველი გემი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სისტემურად განვაგრძოთ ჩვენი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო თუ საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა საქართველომ თავისი პარტნიორი ქვეყნებისთვის უზრუნველყოს იმ ინფრასტრუქტურის და სერვისის მიწოდება, რომელიც გულისხმობს მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვან რგოლს, დამაკავშირებელ მთავარ ფუნქციას აზიასა და ევროპას შორის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.