მარიამ ქვრივიშვილი - 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება მზად, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პირველი ფაზა 2029 წელს დასრულდება და ნავსადგური დაახლოებით 600 000 კონტეინერის მიღებას შეძლებს.
რაც შეეხება პორტის განვითარების მეორე ფაზას, მინისტრის განცხადებით, მისი დასრულება 2036 წლისთვის არის დაგეგმილი, რომლის დროსაც ანაკლიის ნავსადგურის გამტარუნარიანობა ფაქტობრივად გაორმაგდება და ის მილიონზე მეტი კონტეინერის მიღებასა და დამუშავებას შეძლებს.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავად დააფინანსოს მთავარი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მოწყობა.
„ადგილზე დღეს უკვე მიდის აქტიური მობილიზაციის სამუშაოები. ანუ, ფაქტობრივად, შეიძლება უკვე ითქვას, რომ დასრულებულია სამობილიზაციო სამუშაოები და ვემზადებით, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე, რომელიც უშუალოდ მშენებლობის ეტაპის დაწყებას გულისხმობს. როგორც იცით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავად დააფინანსოს მთავარი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც დღეს უკვე მიმდინარე პროცესშია“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებების შესახებ.
„ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები კოსორციუმთან, რომელმაც განაცხადი შემოიტანა საჯარო ტენდერის პროცესში. დღეს სატენდერო პროცესი დასრულებული არ არის. გვაქვს რამდენიმე გამოკვეთილი საკითხი, რომლის გარშემოც კონსორციუმის მხარესთან მიდის დისკუსია და მსჯელობა, რომ ჩვენ, როგორც ყველა სხვა პროექტში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. შეიძლება ითქვას, რომ პოზიციების შეჯერების პროცესში ვართ“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა დრო დასჭირდება ამ შეთანხმების დასრულებას, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას აქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები საკმაოდ მალე უნდა დასრულდეს.
„საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ მოლაპარაკებების პროცესი მალე უნდა დასრულდეს. ჩვენი ქვეყნის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველა ერთად ვიზეიმებთ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში გაშვებას, რომელსაც ექნება უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და მის ტრანზიტულ პოტენციალს გააძლიერებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, 2032 წლისთვის შვიდ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში.
„მსხვილი პროექტების ნაწილში ჩვენ ძალიან სისტემურად ვუდგებით ჩვენი ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის გაძლიერებას, განსაკუთრებით, როდესაც სატრანსპორტო მიმართულებით ვსაუბრობთ. სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით შვიდი მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს – საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.