მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წელს საქართველო 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ექვს მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წელს საქართველო 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ექვს მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას, გაძლიერებას და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. შედეგად, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ექვს მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, გაგრძელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რის საფუძველზეც მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილი შემცირდება 70 პროცენტამდე, ხოლო ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა შორი მანძილის ქვეყნების საბაზრო წილი გაიზრდება 30 პროცენტით.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შედეგად ქვეყანაში შემოვა კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც აისახება ხალხის კეთილდღეობაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებას და კერძო სექტორის გაძლიერებას.

მისი თქმით, სახელმწიფო განაგრძობს ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოვებას ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობისთვის და მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეაჯამა საქართველოს სამთო კურორტებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული მშენებლობები.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას, რის შედეგადაც მათი ვიზიტორების რიცხვი შვიდჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, აშენდა 30-მდე ახალი საბაგირო გზა, გაიხსნა ახალი კურორტები, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გუდაურსა და ბაკურიანში.

„ყველა კურორტი აღიჭურვა თანამედროვე სპეცტექნიკით და რაც მთავარია, ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოთხილამურე პატრულის მიმართულება შეიქმნა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მომდევნო წლებში საქართველოში კურორტების მართვის ახალი სისტემა შეიქმნება, სამთო კურორტებზე სათხილამურო ინფრასტრუქტურა კი კიდევ უფრო განვითარდება.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა: 4,7 მილიონიდან 9,4 მილიონამდე გაიზარდა შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა; 2,5-ჯერ, ფაქტობრივად, ორი მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს გაუტოლდა 3,3 მილიარდ აშშ დოლარს. შედეგად, ტურიზმის წილმა ქვეყნის ეკონომიკაში რვა პროცენტს გადააჭარბა, ასევე 150 ათასზე მეტი ადამიანი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმდა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო წარდგება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin 2023.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიზნობრივ სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის უფრო მეტად განვითარებას.

ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, გასამმაგდა სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა. მისი თქმით, მიზნობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების ხელმისაწვდომობით, 2014 წლიდან გადამზადდა 8 000-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, გაუმჯობესდა მომსახურების დონე და მოსახლეობამ შეიძინა ახალი პროფესიები ტურიზმის სექტორში დასაქმებისთვის.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიული, ღვინის, ეკო, სამედიცინო, ბალნეო, საქმიანი და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ოთხჯერ გაიზარდა მგზავრთნაკადის რაოდენობა საქართველოს აეროპორტებში, გაიზარდა საქართველოში მოქმედი და ოპერირებადი ავიაკომპანიების რაოდენობა და შესაბამისად, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი მიმართულებების კუთხით. შედეგად, მოხდა ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ინდუსტრიის მდგრადი განვითარება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ქვრივიშვილის თქმით, მომდევნო წლებში გაფართოვდება როგორც ბათუმის აეროპორტის, ასევე ქუთაისის აეროპორტის ტერმინალები. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის ფართობი ხუთჯერ გაიზრდება, ხოლო მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობა გაოთხმაგდება.

დატოვე კომენტარი