მარიამ ქვრიშვილი - დიდი პატივია, ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება, გუნდთან ერთად დავსახოთ ახალი გეგმები
მარიამ ქვრიშვილი - დიდი პატივია, ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება, გუნდთან ერთად დავსახოთ ახალი გეგმები

დიდი პატივია, ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ვფიქრობ, ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება, გუნდთან ერთად დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას. მთელი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას განვლილი შვიდი წლის განმავლობაში დავაგროვე, ვფიქრობ, დამეხმარება, გუნდთან ერთად წარმატებით დავასრულოთ ყველა ის მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. ამავდროულად, ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლევან დავითაშვილს ნაყოფიერი განვლილი წლებისთვის და მინდა, ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო მას შემდგომ საქმიანობაში“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა.

შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს.