მარიამ ქვრივიშვილი - ყველა სასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან ვამყარებთ კომუნიკაციას, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს მათი უსაფრთხოება
მარიამ ქვრივიშვილი - ყველა სასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან ვამყარებთ კომუნიკაციას, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს მათი უსაფრთხოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ყველა სასტუმროსთან და სვანეთში მყოფ ტურისტთან კომუნიკაციას ამყარებენ.

ამის შესახებ ქვრივიშვილმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სვანეთში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სვანეთში განთავსების ობიექტებთან, სასტუმროებთან პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ სვანეთში შიდატურისტული მიზნით მყოფი მოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებთ ყველას, დარჩნენ იმ სასტუმროებში, სადაც ისინი არიან განთავსებულები. დამსვენებლებს მოვუწოდებთ, მაქსიმალური კონტაქტი ჰქონდეთ უშუალოდ იმ სასტუმროს წარმომადგენლებთან, ვისთანაც სტუმრად არიან და ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს 144“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, სვანეთში ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

„თითოეულ ადამიანთან დამყარდება კომუნიკაცია, რომ სვანეთში, ადგილზე გაიარონ კარანტინი ან განხორციელდეს მოქალაქეების ორგანიზებული გადაყვანა სხვა რეგიონებში, სადაც  საკარანტინო სივრცეები გვაქვს მოწყობილი. საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ერთ-ერთი პირველი იყო მთელს მსოფლიოში, რომელმაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის დროულად მოახდინა რეგულაციების შემოღება სანიტარული ნორმების დასაცავად.

ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმალური მხარდაჭერით, ყველა პროტოკოლი გვაქვს შემუშავებული ტურიზმის სექტორისთვის, რათა ვირუსის გავრცელების რისკი იყოს მინიმალური. ეს ეხება როგორც განთავსების ობიექტებს, ასევე კვების ობიექტებს. ნაადრევია საუბარი, რომ ამას შეიძლება გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს კურორტზე. მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე ვიზრუნოთ იქ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში ტურიზმის გახსნა ეტაპობრივად ხდება.

„ტურიზმის თანმიმდევრული და ფრთხილი გახსნა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია. სწორედ ამიტომ ხდება ეტაპობრივად ქვეყნების შერჩევა და რეისების ეტაპობრივი აღდგენა, რომ ჩვენ კერძო სექტორთან და საზოგადოებასთან ერთად ვისწვალოთ და კიდევ უფრო გავამყაროთ ამ პროცესების მართვა. ყველაფერს გავაკეთებთ შიდატურიზმისთვის და უშუალოდ სვანეთისთვის, რომ ეს პროცესი არ იყოს მტკივნეული და ადამიანებს ჰქონდეთ მოტივიაცია, რომ უსაფრთხოდ იმოგზაურონ “, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.