მარიამ ქურდიანი - ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს ჟურნალისტების დასჯაში მონაწილეები სასამართლოს წინაშე აუცილებლად აგებენ პასუხს
მარიამ ქურდიანი - ვიმედოვნებ, რომ 5 ივლისს ჟურნალისტების დასჯაში მონაწილეები სასამართლოს წინაშე აუცილებლად აგებენ პასუხს

ძალადობა არ არის გამოსავალი, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, მარიამ ქურდიანმა განაცხადა.

როგორც მარიამ ქურდიანმა აღნიშნა, დღეს მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, რათა დაეცვათ თავიანთი ინტერესები.

„დღეს ჩვენ მედიის წარმომადგენლები შევიკრიბეთ. ეს არის ჩვენ მიერ დაორგანიზებული აქცია. გვინდოდა, მხოლოდ ჩვენ, მედიის წარმომადგენლებს დაგვეფიქსირებინა აზრი და გვეთქვა ყველსათვის, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავდით თქვენს ინტერესებს, უბრალო მოქალაქეების პრობლემებს ვეცნობოდით და დღეს მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც გაეცნოთ ჩვენს პრობლემებს. მიხვდეთ, რამდენად რთულია ასეთ გარემოში მუშაობა, მიხვდეთ, ძალადობა არ არის გამოსავალი, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს.

პირველ რიგში მინდა, მივუსამძიმრო ლექსოს ოჯახის წევრებს, მთელს მის კოლექტივს, მთელ მის მეგობრებს. ეს არის არა მხოლოდ ერთი ადამიანისა და ერთი არხის ტრაგედია, ეს არის სრულიდ მედიის ტრაგედია. ვიმედოვნებ, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული ძალადობის ფაქტები, რაც 5 ივლისს მოხდა და თითოეული მათგანი, ვინც მონაწილეობდა ჟურნალისტების დასჯაში, აუცილებლად აგებს პასუხს სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა მარიამ ქურდიანმა.