მარიამ კვარაცხელია - რისკების ფონზე გავდივართ „ღირსების მარშზე“, რადგან ამ ყველაფრის მოთმენა გაუსაძლისია და ვაპირებთ, ღირსებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ
მარიამ კვარაცხელია - რისკების ფონზე გავდივართ „ღირსების მარშზე“, რადგან ამ ყველაფრის მოთმენა გაუსაძლისია და ვაპირებთ, ღირსებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ

რისკების ფონზე გავდივართ „ღირსების მარშზე“, რადგან ამ ყველაფრის მოთმენა გაუსაძლისია და ვაპირებთ, ღირსებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა მარიამ კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „თბილისი პრაიდი“ აგრძელებს კვირეულის თითოეული ღონისძიების ორგანიზებას, მათ შორის „ღირსების მარშის“ და ეს აქტივობა არ გაუქმებულა.

„ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით ღონისძიებებისთვის. განსაკუთრებით ბოლო დღეების ფონზე, მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გასვლა ქუჩაში და საზოგადოებრივი პროტესტი სახელმწიფოს იმ უმოქმედო პოლიტიკის მიმართ, რაც აქვს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ.

ვხედავთ, რომ ფაშისტური ძალადობრივი ჯგუფები არიან და ამავდროულად, ვხედავთ, რომ სახელმწიფოს არანაირი გეგმა პრევენციისთვის, ეფექტური პოლიტიკა ამ მიმართულებით არ გააჩნია. ეს საკითხები გაცდა მხოლოდ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს. უფრო მასშტაბურ რაღაცებზე ვსაუბრობთ. კითხვის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა. ამიტომ. ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, გამოვლენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საელჩოების წარმომადგენლები. ვიქნებით ის ადამიანები, ვისთვისაც ეს ყოველივე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, რასაც ვუყურებთ, არის მიუღებელი, ვისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა, თანასწორობა და დემოკრატია არის ღირებული და ვეცდებით, „ღირსების მარშს“ გავუწიოთ ორგანიზება“, – განაცხადა მარიამ კარაცხელიამ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიების დაცვა რთული და გარკვეულწილად, შეუძლებელი იქნება.

„შსს-ს განცხადებით, არის მაღალი რისკები, თუმცა ჩვენ ვაანალიზებთ ამ რისკებს და თითოეული ადამიანი გამოვა მარშზე. მას ექნება სრული ინფორმაცია არსებული რისკების შესახებ და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით გამოვა და გააპროტესტებს მიმდინარე მოვლენებს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოლიცია, შსს და სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ არ ქონდეს ადგილი ინციდენტებს და არ დაზარალდეს არც ერთი ადამიანი.

კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ თითოეული გამომსვლელი, ვინც იქნება მარშზე, აანალიზებს, რომ არსებობს ფიზიკური უსაფრთხოების მაღალი რისკები, თუმცა მზადაა ამ ყველაფერზე წავიდეს. ჩვენი აზრით, გადამწყვეტია და უმნიშვნელოვანესია, გავიდეთ ღირსების მარშზე. საქმე ეხება, როგორც ლგბტ უფლებებს, ასევე საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, სახელმწიფოებრიობას და ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ უნდა დავგმოთ ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების ეს მავნებლური და საშიში საქმიანობა“, – განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ ლგბტ თემის მხარდამჭერები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ჟურნალისტები.

„ასე რომ, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ ადამიანებს არ შეექმნათ ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით რისკები. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ და ვთვლით, რომ ამ რისკების ფონზე გავდივართ, რადგან ამ ყველაფრის მოთმენა გაუსაძლისია და ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ღირსებისთვის ბოლომდე“, – განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ.