მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებთან ერთად იუსტიციის სახლში იმყოფება და მათი დაბადების მოწმობების გაცემამდე შენობის დატოვებას არ აპირებს
მარიამ კუკუნაშვილი სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებთან ერთად იუსტიციის სახლში იმყოფება და მათი დაბადების მოწმობების გაცემამდე შენობის დატოვებას არ აპირებს

სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი იუსტიციის სახლისგან სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობის გაცემას მოითხოვს.

კუკუნაშვილი იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად იმყოფება, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს. ისინი შენობაში სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებთან ერთად იმყოფებიან და მოთხოვნის შესრულებამდე იუსტიციის სახლის დატოვებას არ აპირებენ.

მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბავშვები სამშობლოში ვერ მიჰყავთ, რადგან მათთვის ბავშვის დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებენ.

მისი თქმით, ამის მიზეზი კანონის ახლებური ინტერპრეტაცია გახდა.

„ინ ვიტრო განაყოფიერებითა და სუროგაციით გაჩენილ ბავშვებზე დაბადების მოწმობის გაცემა ყოველთვის ერთი დღის ვადაში ხდებოდა, იგივე უწერია იუსტიციის სახლს ვებგვერდზე. რატომღაც აგვისტოს დასაწყისში გადაწყვიტეს ინ ვიტრო განაყოფიერების ახლებური ინტერპრეტაცია. ჩათვალეს, რომ ეს არის მხოლოდ ემბრიონის შექმნა და არა გადატანა, რამაც გაყინული ემბრიონებით გაჩენილი ბავშვების რეგისტრაცია გახადა შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ამაზე მოვახდინეთ რეაგირება, როდესაც იუსტიციის მინისტრის სამედიცინო განათლება ჩავუტარეთ. კვირას კი გამოსცა ახალი ბრძანება, რომ ყველა ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, გაყინული ემბრიონებით გაჩენილი ბავშვებზე აღარ უნდა შეიქმნას პრობლემა. სამწუხაროდ, იუსტიციის სახლი ვერ ახერხებს მოწმობების გაცემას. ტელევიზია რომ დაინახეს, ექვსი დაბადების მოწმობა მოგვცეს, დანარჩენები ისევ ელოდებიან. ახლა აქ არის 15 ბავშვი. ისინი არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

უბედურება ისაა, რომ ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია. გუშინ როდესაც მოვედით, ოპერატორები ამბობდნენ, რომ ახალი ბრძანების შესახებ არაფერი იციან“, – განაცხადა კუკუნაშვილმა.

მისივე თქმით, აგვისტოში სუროგაციით დაბადებულ მხოლოდ რამდენიმე ბავშვზე გაიცა დაბადების მოწმობა.

„ეს ყველაფერი არალოგიკურია. ამას ვუკავშირებ არაკოორდინირებულ მუშაობას. აგვისტოში რამდენიმე ბავშვმა აიღო მოწმობა, სხვებმა ვერ აიღეს. რა ლოგიკას ექვემდებარება, ვერ ვხვდები. პირველ აგვისტომდე მოწმობის აღება ხდებოდა რამდენიმე საათში“, – აღნიშნა კუკუნაშვილმა.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კუკუნაშვილი ადგილზე კარვების გაშლას აპირებს.

ამასთაბ, სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადგილზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სახლში შეხვედრას მართავენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, 9 სექტემბრიდან დღემდე (13 სექტემბერი) რვა სხვადასხვა კლინიკაში დაბადებულ  26 ბავშვზე გაიცა დაბადების მოწმობა.