მარიამ კუბლაშვილი - თავის აფეთქების შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმოწერას ხუმრობის ხასიათი ჰქონდა
მარიამ კუბლაშვილი - თავის აფეთქების შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმოწერას ხუმრობის ხასიათი ჰქონდა

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, მარიამ კუბლაშვილი პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილი მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე ჩატარებულ ექსპერტიზის პასუხებს გაეცნო.

მარიამ კუბლაშვილი ადასტურებს, რომ პირადი სახის მიმოწერებში საუბარი იყო თემირლანის მხრიდან მეტროსადგურში თავის აფეთქებაზე. ადვოკატის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ამ მიმოწერას ხუმრობის ხასიათი ჰქონდა და მაჩალიკაშვილი თავის აფეთქებას არ აპირებდა.

„მასალა არის ძალიან ვრცელი, თითქმის 15 000 ფაილი. ჩატარებული ექსპერტიზა არის ინფორმაციული სახის. გაშიფრულია შემავალ-გამავალი „ეს-ემ-ესები“. თემირლანს მიმოწერა ჰქონდა გოგონასთან. როგორც ჩანს, თემირლანს და მას ჰქონდათ გარკვეული პირადი ურთიერთობა. მას აქვს დიდი ხნის და ვრცელი მიმოწერები. თემირლანის მიერ გაგზავნილია ხუმრობით რაღაც შეტყობინებები გოგონას მიმართ, რომ აი, მე ამას ჩავიდენ, გარკვეული ხუმრობაა. მიმოწერას აქვს გაგრძელება, რომელიც უკავშირდება ინტერნეტიდან გადმოტანილ ვიდეოფაილს. ისინი ასევე საუბრობენ სასიყვარულო ფილმებზე. თემირლანის მხრიდან ამას აქვს ხუმრობის ხასიათი. ის არ აპირებდა თავის აფეთქებას“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონში არ ფიქსირდება არანაირი მიმოწერა ან საუბარი ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ პირებთან, მათ შორის არც ლიკვიდირებულ ახმედ ჩატაევთან.

„მე ვერ ვნახე, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან მას კავშირი ჰქონოდა ამ „ეს-ემ-ესებით“, არ არის დაფიქსირებული კავშირი ახმედ ჩატაევთან, არანაირ გადარიცხვებთან და მსგავს თემებზე საუბართან“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, მასალის მოცულობიდან გამომდინარე, ის ბოლომდე არ გაცნობია ექსპერტიზას, თუმცა ნდობას უცხადებს იმ ორგანიზაციას, რომელსაც დაევალა ამ ექსპერტიზის ჩატარება.