მარიამ კუბლაშვილი - პრემიერმა მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს მაჩალიკაშვილის საქმეს, უშუალოდ აწარმოებს საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას 
მარიამ კუბლაშვილი - პრემიერმა მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს მაჩალიკაშვილის საქმეს, უშუალოდ აწარმოებს საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას 

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია და მოხდა აქცენტირება იმ მინუსებზე და პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს, აგრეთვე, მის უდანაშაულოდ ცნობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა მათი პოზიცია მოისმინა და კიდევ ერთხელ მოინიშნა გარკვეული საკითხები.

„იგი გვისმენდა დეტალურად. კიდევ ერთხელ მოინიშნა. აშკარა იყო, რომ იცოდა ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები და მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, უშუალოდ აწარმოებს ამ საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას, აგრეთვე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას და  პირობა ძალიან რთულია მისი მხრიდან, რომ უახლოეს პერიოდში იქნება დასჯილი. რა რეაგირება იქნება, წინასწარ ვერ იქნება ამაზე პასუხი გაცემული“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

როგორც მან განმარტა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერი საქმის დეტალების შესახებ ინფორმირებული იყო.

„მისი მხრიდან მოხდა ამ საკითხის დეტალური შესწავლა, ვინაიდან კითხვებზე, რომელიც მე მქონდა, მან პასუხი გასცა. ფაქტია, მან ამ საქმის მასალების შესახებ იცოდა და ჰქონდა ინფორმაცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, შეხვედრას მასთან ერთად ესწრებოდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე.

ამასთან, მისი განმარტებით, მხარეთა გადაწყვეტილებით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის შეხვედრა პრემიერთან ცალ-ცალკე გაიმართა.