მარიამ კუბლაშვილი - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შეეცადა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს მეტი ბუნდოვანება შესძინოს
მარიამ კუბლაშვილი - ექსპერტიზის ეროვნული ბიურო შეეცადა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს მეტი ბუნდოვანება შესძინოს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი თბილისის პროკურატურაში გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას გაეცნენ. დასკვნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოამზადა.

ადვოკატის თქმით, დასკვნაში წერია, რომ გასროლის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის თავი იყო ლოგინზე დაფიქსირებული დაზიანების ქვემოთ, თუმცა მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ამავე დასკვნით ვერ დგინდება, რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილის სხეული.

„ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზა. სრულად შეჯამდა საქმის მასალები, ყველა კვლევა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ კითხვაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ცეცხლნასროლი დაზიანების მიყენების მომენტში, პასუხი ვერ გასცა. ამ კითხვაზე პასუხი დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მაია ნიკოლეიშვილმა და ზაზა ალთუნაშვილმა პირდაპირ გასცეს, სადაც დააფიქსირეს ვიზირების ხაზი. ვიზირების ხაზი გულისხმობს მსროლელიდან სწორედ ლოგინის ფრაგმენტზე გასულ სწორ ხაზს. დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის ქვემოთ ანუ თავი იყო ლოგინის ქვეშ, რაც ლოგიკურია, ხოლო მისი სხეულის მდგომარეობა იყო ვიზირების ხაზის გასწვრივ ანუ პირდაპირ. რაც შეეხება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, ისინი სხეულის მდგომარეობას ვერ ადგენენ. ისინი წერენ, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლანის სხეულის პოზა, მდგომარეობა. საკითხის გადაწყვეტა ექსპერტებმა ვერ შეძლეს. თუმცა, მთავარი ფაქტია, სად იყო თავი. თუ სხეული მოძრაობს, თავს წამოწევდა. უტყუარად დადასტურებულად წერენ, რომ ვიზირების ხაზის ქვემოთ არის თემირლან მაჩალიკაშვილის თავი, რომელიც იყო ბალიშზე ოდნავ წამოწეული. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პირდაპირ უნდა დაეწერა, რაც გაბედეს და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაწერეს. იმთავითვე ნათელი იყო, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ვერ განადგურდა. ეს იყო ლოგინის თავი, სადაც არის პირდაპირი დაზიანება და ცხადია, აღდგა მდგომარეობა. უარყვეს და ვერ დაადგინეს და მაინც დატოვეს კითხვის ნიშანი, სად იყო, როგორ მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილის სხეული. ამით ისინი შეეცადნენ, კიდევ მეტი ბუნდოვნობა შესძინონ საქმეს, თუმცა აქ მნიშვნელოვანი იქნება პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილება. მოვუწოდებ პროკურატურას და ამ საქმის გამომძიებელს, მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, დაეყრდნონ იმ ექსპერტების უტყუარ დასკვნას, რომლებმაც პირდაპირ დაწერეს, რა მდგომარეობაში იყო თემირლანი“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, დასკვნით გამოჩნდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ლოგინიდან თავი არ ჰქონდა წამოწეული.

„ჩემთვის მთავარია, თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული და იმ ფაქტს ეს ნაძირალა ხელისუფლება, ეს სისტემა ვერ გაურბის. ეს ცხადად ჩანს უბრალო ადამიანისთვისაც. ფაქტები სახეზეა. ექვსი თვე გავიდა. ორ კვირაში უნდა დადებულიყო დასკვნა. ვერაფრით შეძლეს მაია ნიკოლაიშვილის და ზაზა ​ალთუნაშვილის მოსყიდვა. დღემდე ასე გრძელდება. ამ დასკვნით გამოჩნდა, რომ თემირლანი იწვა, თემირლანს თავი არ აქვს წამოწეული. ჩემთვის მთავარია, თემირლანს ეძინა. ნიკოლაიშვილი ამტკიცებს, რომ თემირლანი საერთოდ არ არის განძრეული ადგილიდან. მეორე ექსპერტიზა ამტკიცებს, ვითომ ფეხები იქით ჰქონდა, ვითომ ფეხები აქეთ ჰქონდა. რაღაცას ცდილობენ. ესენი იმ სპეცრაზმელმა იცის. იმ სპეცრაზმელმა ისეთი დანაშაული ჩაიდინა, საქართველოს ისტორიაში ბადალი არ ჰყავს. მგონი, დაფიქრდება. მგონი, დღეს მე მიყურებს და დაფიქრდება“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დატოვე კომენტარი