მარიამ ჯორჯაძე - სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ბიოწარმოების წახალისებაზე სიტყვა არ წერია, არადა მისი განვითარების პერსპექტივა ძალიან დიდია
სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიაში ბიოწარმოების წახალისებაზე სიტყვა არ წერია, მაშინ როცა მისი განვითარების პერსპექტივა ძალიან დიდია, როგორც შიდა, ისე გარე ბაზრებზე, – ამის შესახებ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.
გადაცემაში საქართველოსთვის ბიოწარმოების განვითარების მნიშვნელობა, პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს.
„ელკანას“ დირექტორი მიიჩნევს, რომ ბიოწარმოება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა მსოფლიო ბაზარზე და ის სახელმწიფომ ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა აღიაროს. მიუხედავად ამისა, ბიოწარმოების ხელშეწყობა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიაში“ პრაქტიკულად ნახსენებიც არ არის. საკითხის მიმართ საზოგადოების განწყობა რომ დაენახა, „ელკანამ“ ბიოწარმოების ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარების მოთხოვნით პეტიცია შეადგინა, რომელსაც ერთი კვირის განმვალობაში 1200-მა მოქალაქემ მოაწერა ხელი და ეს პეტიცია უკვე პარლამენტს წარედგინა.
ჯორჯაძე მიიჩნევს, რომ პეტიციამ ბიოწარმოების მიმართ საზოგადოების დადებითი განწყობა აჩვენა.
„პეტიცია მოკლე დროით გამოვაცხადეთ, რომ დაინტერესება გვენახა და ერთ კვირაში 1200 ხელმოწერა შეგროვდა. როგორც ჩანს, საქართველოში არის სწრაფვა ჯანსაღი, ხარისხიანი პროდუქციის მიმართ, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდის, ჩინოვნიკების დონეზე გვაკლია მონდომება, კანონმდებლობა, იმ ადამიანების ხელშეწყობა, ვინც ამ სფეროში მუშაობს და ა.შ.“ – განაცხადა ჯორჯაძემ.
„ელკანას“ დირექტორის მოსაზრებით, ბიოწარმოების განვითარებით ქვეყანამ სარგებელი მრავალი კუთხით შეიძლება მიიღოს – მათ შორის, ტურისტული პოტენციალის ათვისების მიმართულებით.
„როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ, უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა – გვინდა ე.წ. მასობრივი ტურიზმი თუ ელიტური ტურიზმი, როცა ჩვენთან ყველაფერი ხარისხიანია, მათ შორის, სურსათი და ჩამოსულ სტუმარს არ გვინდა, ბრაზილიური გაყინული ქათმით დავხვდეთ“, – განაცხადა ჯორჯაძემ.
ჯორჯაძის ინფორმაციით, ბევრი ფერმერი დაინტერესებულია ბიოწარმოებით, თუმცა ამ დარგის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია არც კი ითვალისწინებს. სახელმწიფომ დაპირებული 100 მილიონი ლარის ბიუჯეტის მოცულობის დახმარების პროგრამაც შეაჩერა და ფერმერები პასუხს ამაოდ ელოდებიან.
„შარშან თითქოს იყო სახელმწიფოს მხრიდან მზაობა, რომ ბიოაგროწარმოების განვითარების კუთხით გარკვეული ხელშეწყობის პროგრამა დაეწყოთ. ქვეყანას უნდა ჰქონდეს გარკვეული ხედვა, როდესაც სტრატეგია ყალიბდება და უკვე გამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პირველადი დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027“, სადაც შესაძლებლობებში ერთი სიტყვა წერია ბიოწარმოებაზე და ამის გარდა, მთელ დოკუმენტში ბიოწარმოებასა და ორგანულ წარმოებაზე არაფერია ნათქვამი. არადა, შარშან იყო მყარი დაპირებები, მწარმოებელთა და მომწოდებელთა შეკრება და სემინარები, სადაც გადაწყდა, რომ ასეთი პროგრამა იქნება. პროგრამის პროექტიც გვინახავს, რომელსაც ძველი პრემიერის ხელმოწერაღა აკლდა და მერე ეს ყველაფერი გაჩერდა.
ჩვენ მოგვმართავენ მეურნეები, ვინც იმ შეკრებებში მონაწილეობდა, ვინც ტელევიზიითაც ნახა ეს დაპირებები და გვეკითხებიან – რა ხდება, რატომ გაჩერდა. 100 მილიონ ლარზე იყო საუბარი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ შეჩერდა და თანხები ჯერჯერობით აღარ არის. როცა სტრატეგია გამოქვეყნდა, სადაც საერთოდ სიტყვა არ არის ნახსენები ბიომეურნეობებზე, არანაირ სექტორულ მიდგომაზე ან რამე სახის მხარდაჭერაზე, გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის მიგვემართა, რამდენად არის დაინტერესებული, რომ ეს სექტორი განვითარდეს. ხედვა ანალიზის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს. მე მაგალითად, იმ სტრატეგიის დოკუმენტში ხედვა – საით უნდა წავიდეს სოფლის მეურნეობა და რაზე ვაკეთებთ პრიორიტეტებს – ეს ვერ დავინახე. ბიოწარმოებაზე ერთი ჩვენი ორგანიზაცია და რაღაც მცირე პროექტები მუშაობენ და მისი განვითარება ძალიან ნელა მიდის, მაშინ როცა პერსპექტივა როგორც შიდა ბაზარზე, ისე გარე ბაზარზე ძალიან დიდია“, – განუცხადა მარიამ ჯორჯაძემ „ბიზნესპარტნიორს“.