მარიამ ჯიშკარიანი - საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, ის უნდა გათავისუფლდეს
მარიამ ჯიშკარიანი - საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, ის უნდა გათავისუფლდეს

საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური მოპყრობა მისი მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესს გაართულებს.

„გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. ეს იყო კიდევ ერთი არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ჯაჭვში არის ახალი ეპიზოდი და ის ცუდად აისახებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შემდგომში გაართულებს მკურნალობა-რეაბილიტაციასაც. ადამიანები, ვინც სავარაუდოდ ჩართული იყვნენ წამებასა თუ არაჰუმანურ მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ვფიქრობ, გამოძიების დასრულებამდე უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრიც.

ჩვენს დასკვნაში იქნება ასახული ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები – შესაბამისი შედეგები, რაც აისახა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციებიც. ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული.

შეგიძლიათ, წაიკითხოთ საქმე „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ“, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავალნისთვის უსაფრთხო და ამის ნიადაგზე იგი გათავისუფლდა. სწორედ ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს გატარებული აქ, ვინაიდან გუშინ ვიხილეთ, რომ გორის ჰოსპიტალშიც განხორციელდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს იყო პრაქტიკულად პროვოკაცია, რომ კონფლიქტი გამოეწვიათ მისი მხრიდან“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გატარდა, რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას.

გუშინვე სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები არის სიცრუე, იგი შეუფერხებლად სარგებლობს ტელევიზორით და არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული.