პენიტენციური სამსახური - სიცრუეა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები, იგი ამ დრომდე შეუფერხებლად სარგებლობს ტელევიზორით და არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული
პენიტენციური სამსახური - სიცრუეა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები, იგი ამ დრომდე შეუფერხებლად სარგებლობს ტელევიზორით და არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან, – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთან ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლება-მოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც მან უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.

„ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.

ამ ეტაპზე მსჯავრდებული შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან რაიმე სახის შეზღუდვას მსჯავრდებულის რომელიმე უფლების რეალიზების კუთხით ადგილი არ ჰქონია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.