მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილთან დაკავშირებით წინასწარი შედეგებით დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან
მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილთან დაკავშირებით წინასწარი შედეგებით დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან

ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდნენ. ჰოსპიტალში „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან ერთად ორი ექიმი იმყოფება.

ისინი ადგილზე გაეცნობიან, რა სამედიცინო მომსახურება გაეწია მიხეილ სააკაშვილს და როგორია მისი მდგომარეობა.

ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა ადეკვატურ მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობაც იქნება.

„გრძელდება ფსიქო-ნევროლოგიური გამოკვლევა, რადგან ერთი დღე საკმარისი არ იყო. წინასწარი შედეგებით რაც შეგვიძლია, გითხრათ, დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან. არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ვერნიკეს ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე მის დასწრებასთან ჩვენი შესვლა არაა კავშირში. ჩვენ ვახდენთ დოკუმენტირებას მისი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევების და იმ შედეგების, რაც გამოიწვია შიმშილობამ და წამებამ. ცენტრ „ემპათიას“ ორი დასკვნა უკვე გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას არ აღენიშნება იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარსდგეს სასამართლო პროცესზე. ჩვენი აზრით, საქართველოს ციხეთა სისტემაში მისი ყოფნა დაუშვებელია. არ არის შესაბამისი გარანტიები, ადეკვატური მკურნალობა-რეაბილიტაციის შესაძლებლობა. მას ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა ადეკვატურ მულტიპროფილურ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში, სადაც ასევე იქნება ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობა“, – განუცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს.