მარიამ ჯიშკარიანი - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დე ფაქტო და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გვარები უნდა დაემატოს
მარიამ ჯიშკარიანი - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დე ფაქტო და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გვარები უნდა დაემატოს

ინტერპოლით მხოლოდ დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევი არ უნდა იძებნებოდეს. ვფიქრობთ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უნდა გაფართოვდეს, ძიება უნდა გაგრძელდეს და მივიდეს სხვა დასკვნამდეც, – ამის შესახებ პირველ არხს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტმა, მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოთხოზორია ტატუნაშვილის სია უნდა გაფართოვდეს და მასში ცხინვალში ჩატარებულ ექსპერტიზის მონაწილე პირებიც უნდა ჩაიწეროს.

„მათ წინააღმდეგაც უნდა დაიწყოს ძიება, რადგან მონაწილეობდნენ დანაშაულის დაფარვაში. არის საქმეში სხვა მასალებიც. მაგალითად, ცხინვალიდან, ე.წ. პროკურატურიდან მოსულია წერილი, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და ეს მოხდა დაკავებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის პრევენციისთვის. ამ საკითხზე ადგილზე ძიება არ მიმდინარეობს, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა. როდესაც პატიმრობაში მყოფი ადამიანი გარდაიცვლება, უნდა მიმდინარეობდეს ძიება და არსებობდეს ლოგიკური დოკუმენტაცია. პასუხისგებაში არიან მისაცემი ცხინვალის საავადმყოფოს ექიმები. არ არსებობს დოკუმენტაცია, თუ რა მდგომარეობაში მიიყვანეს არჩილ ტატუნაშვილი საავადმყოფოში. თუ გარდაცვლილი მიიყვანეს, მაშინ ესეც ცხადი უნდა გახდეს. ეს ხალხი, თითოეული ეს ადამიანი ჩართულია ჯაჭვში, რასაც ჰქვია მძიმე დანაშაულის დაფარვა. ეს არის წამება და წამებით ადამიანის სიკვდილი“, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, თუ კარგად გადავხედავთ საქმეს, მოიძებნება ბევრი რგოლი და მაღალჩინოსანი დე ფაქტო ხელისუფლებიდან, რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ დანაშაულის დაფარვაში და მათ გამოძიება წინააღმდეგაც უნდა დაიწყოს.

„ვინ არის რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურორი, ეს ვიცით. მათ გამოგვიგზავნეს წერილი, რომ „სამხრეთ ოსეთზე“ მათი იურისდიქცია არ მოქმედებს და ვერ ჩაერევიან. მათი შუამდგომლობით მივიღეთ პასუხი ცხინვალის ე.წ. პროკურატურიდან. ეს ხალხი, ვინც ჩართულია ამ უმძიმესი დანაშაულის დაფარვაში, არ თანამშრომლობენ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან,  გამოძიებასთან და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას არ უწყობენ ხელს. უკლებლივ ყველა უნდა იყოს შეყვანილი ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიაში. იდენტიფიცირების პრობლემა მათთან დაკავშირებით არ არის“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, „ემპათიის“ ექსპერტიზაში დადასტურებულად წერია, რომ რუსულ ექსპერტიზაზე დაყრდნობა არ შეიძლება, მასში არის უამრავი უზუსტობა და შეუსაბამობა.

„ე.წ. რუსულ ექსპერტიზას კონკრეტული პირი ხელს აწერს. ფაქტია, რომ მან გააყალბა დასკვნა. ჟენევაშიც, ერგნეთის შეხვედრებზე გამოდიან რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ. სახეზეა ადამიანის მკვლელობა. ადამიანი წამების შედეგადაა მოკლული და არანაირი ზედმეტი მტკიცებულება აღარ სჭირდება. მარტო ფოტოებიც ადასტურებს წამებას და, როდესაც ამ საქმეზე გამოძიებას არ ატარებენ, სიმართლის დადგენას ხელს უშლიან, მაშინ ეს ხალხი ჩართულია სისტემურ დანაშაულში.  ერთეული ადამიანების შეყვანა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, სრულიად სასაცილოა. ეს სია უნდა გაფართოვდეს. სიას დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა გვარები უნდა დაემატოს“,-აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.

2018 წლის 13 სექტემბერს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მიმდინარე წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ხსენებული პირები მიცემული არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.