მარიამ ჯაში - ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები დავაშოროთ ადამიანურ ტრაგედიებს
მარიამ ჯაში - ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები დავაშოროთ ადამიანურ ტრაგედიებს

ზედმეტად ექსპრესიული, ემოციური გამოსვლა, იმდენად მტკივნეულ საკითხს, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით გუშინ, ნამდვილად არ შეეფერება და სწორედ ეს ბადებს ეჭვებს, რომ ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებზე ბრალდებების გაჟღერება, არამედ აღნიშნული ტრაგედიის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მარიამ ჯაშმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ წარმოდგენილი მოხსენება შეაჯამა და ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.

მინისტრის გამოსვლის შეფასებისას, კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე ძირითად გზავნილზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მინისტრის მოხსენებაში არაერთ მნიშვნელოვანი სიახლეზე იყო საუბარი.

„მივესალმები, რომ წლების შემდგომ, მოხდა განათლების უწყების მხრიდან არა მხოლოდ დადასტურება, არამედ, მზაობის გამოხატვა, რომ სკოლამდელი და ადრეული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავება დაუბრუნდეს განათლების სისტემას. ასევე, სკოლის ინფრასტრუქტურაში გასამმაგებული ფინანსური ინვესტიციები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ 2018 წელს, მანდატურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის განხორციელების პროგრესზე. ასევე, მისასალმებელია პროფესიული განათლების კუთხით საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იწყებს ახალ ეტაპს პროფესიული სწავლების კუთხით და ამ შემთხვევაშიც, სამინისტროს აქვს კონკრეტული, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული, როგორც 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე საკანონმდებლო ჩიხის აღმოფხვრის თვალსაზრისით, ასევე კერძო კოლეჯების დაფინანსების კუთხით. პირველად, კერძო კოლეჯები ჩადგნენ თანაბარ კონკურენტულ პირობებში საჯარო კოლეჯებთან ერთად და აღნიშნული ნამდვილად გახლავთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის ერთერთი მნიშვნელოვანი შედეგი“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებასაც.

მისი შეფასებით, გამოსაშვები გამოცდების არსებული პრაქტიკა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს ვერ პასუხობდა. მისივე თქმით, გამართლებულია ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო საგამოცდო სიიდან ამოღებაც.

„იმ ფორმით და სისტემით, რომლითაც არსებობდა საატესტატო გამოცდები, ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს. აბსოლუტურად გამართლებულია ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო სიიდან ამოღებაც, რადგან ეს არათანაბარ პირობებში აყენებდა მოსწავლეებს. დღეს იყო საუბარი, რომ ზოგადი უნარების ტესტი იყო ერთადერთი საშუალება, რათა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ვფიქრობ, აღნიშნულ ფორმულირებაში არის ალოგიკური ბმა, რადგან სწორედ სოციალურად დაუცველი ბავშვები იყვნენ განსაკუთრებით არათანაბარ პირობებში ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების მომენტში, რადგან სკოლა მათ მომზადების საშუალებას არ აძლევდა, მოსწავლეებს და მათ მშობლებს უწევდათ დამატებითი ფინანსური რესურსების გაღება აღნიშნული გამოცდის ჩასაბარებლად“,-განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით, გუშინ გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას, მარიამ ჯაშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოლეგების განცხადება, თითქოს მოსმენა მმართველი გუნდის მხარდამჭერი მასწავლებლების გამოთქმების ფონზე მიმდინარეობდა, ტყუილია.

მისივე თქმით, კომიტეტის თითქმის ყოველ სხდომას ესწრებიან ოპოზიციის მხარდამჭერები.

„პრაქტიკულად, კომიტეტის თითოეულ სხდომაზე, გვყავს მოწვეული სტუმრები ოპოზიციის მხრიდან და ეს არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა. გუშინ, გიორგი ვაშაძის თხოვნით გვყავდა მისი პარტიის წარმომადგენელი, გვყავდა სტუმრები, რომლებიც იყვნენ „ევროპული საქართველოს“ და ჩვენი სხვა კოლეგების მიერ მოწვეულნი, ასევე, პოლიტიკურად სხვა განწყობების მქონე პედაგოგები, რომელთათვისაც, აბსოლუტურად ღიაა კომიტეტი განხილვებისთვის. ჩვენ არ უნდა გავურბოდეთ კრიტიკულ შეფასებებს და კითხვებს, რადგან განხილვების გარეშე წარმოუდგენელია ცვლილებების განხორციელება. მინდა დაგიდასტუროთ, რომ შემთხვევით აღმოჩენილი პედაგოგები, შემთხვევით შევსებული სტადიონები, შემთხვევით მოკრებილი ტაშის დამკვრელი აუდიტორია არ გახლავთ ჩემი ხელწერა“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დეპუტატმა ია კერზაიას ოჯახსა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის ინსპექტირების საკითხთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენა ჯერ კიდევ დეკემბერში ჩაინიშნა, თუმცა, კოლეგებმა ოპოზიციიდან, სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

„ვფიქრობ, რომ ის საზოგადოება, რომელიც აკვირდებოდა გუშინდელ განხილვებს, ჯანსაღად შეაფასებს პოლიტიკურ მოტივებს და კიდევ ერთხელ, მინდა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციები დავაშოროთ ადამიანურ ტრაგედიებს“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გამოირიცხოს განათლების სისტემაში პოლიტიკური ზეწოლის შესახებ კითხვების დასმის შემთხვევები. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშმა მინისტრს სამი ძირითადი რეკომენდაციით მიმართა.

„ე.წ. მორატორიუმის გამოცხადება საარჩევნო პროცესში – ეს გახლდათ მინისტრის ინიციატივა, რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებ. ჩვენ საარჩევნო პროცესი უნდა გავათავისუფლოთ, განსაკუთრებით, დაუგეგმავი ინსპექტირების პროცესისგან, რომ არ გაჩნდეს თუნდაც თეორიული კითხვები პოლიტიკური სიმპათიებით სკოლების შემოწმებასთან დაკავშირებით. ნებისმიერ პედაგოგს, დირექტორს ან სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელს აქვს კონკრეტული პოლიტიკური სიმპათიების დაფიქსირების თავისუფალი არჩევანი. თუმცა, არც ხელისუფლების მომხრე და არც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს არ აქვთ უფლება, პოლიტიკა შეიტანონ სკოლაში. მეორე რეკომენდაცია გახლდათ საიდენტიფიკაციო. რამდენადაც მაცნობეს, სერგი კაპანაძის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი არის ხუთ თუ შვიდი წუთიანი, არის გარკვეული მონტაჟი და ვფიქრობ, მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებას გააკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო მოწმობა არის აუცილებელი, უნდა გახდეს აუცილებელი განათლებაში ნებისმიერი განცხადების ჩაბარების დროს. მესამე – დღეს ჩემმა კოლეგამ, ლელა ქებურიამ აღიარა, რომ ხდებოდა სისტემური დანაშაული, როდესაც ხდებოდა პოლიტიკური სკოლის ადმინისტრაციის დაბარება და შემდგომ გათავისუფლება. გუშინ, ასევე, ოთარ კახიძემ და ნიკა მელიამ მიანიშნეს სუს-ში და განათლების უწყებაში დაწერილი წერილების ალბათობაზე, იმ პრაქტიკაზე, რომელიც ხდებოდა ადრე. დღეს განათლების სისტემაში გვყავს ადამიანები, რომელთაც პოლიტიკურ იარაღად იყენებდნენ წინა ხელისუფლებაში. ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ ისინი სისტემის მსხვერპლად, თუმცა, განათლების სისტემა არის უაღრესად სენსიტიური სექტორი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.